ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასოწარკვეთილი გზა


მძიმე სოციალური პირობები და უმუშევრობის მაღალი დონე ადამიანურ ტრაგედიებში კონვერტირდება. დევნილები, კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები საზოგადოების მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. მათი პრობლემების სათავე რუსეთთან ომით იწყება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს, „ტერიტორიული კონფლიქტების“ რამდენიმე ტალღა გამოიარა საქართველომ. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, თუმცა რუსეთთან დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრა ჯერ ვერ ხერხდება.

52 წლის, აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი (ქირია) სოციალური პრობლემების მორიგი მსხვერპლია. მან 16 იანვარს თავი მოიკლა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედაა. დევნილი მამაკაცი თავშესაფრის მიღებისთვის 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, შვიდ სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც დევნილები სახელმწიფოს ყურადღების მისაქცევად ამგვარ, უკიდურესად სასოწარკვეთილ გზას ირჩევენ.

დევნილთა ჩასახლება
დევნილთა ჩასახლება

2017 წლის მარტში, ზუგდიდში, დევნილი ნანა ცაცუა თავის დაწვით იმუქრებოდა, თუ სახელმწიფო მას და მის ოჯახს თავშესაფრით არ დააკმაყოფილებდა.

2012 წლის ოქტომბერს, დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროში, ოპერატორთან საუბრისას ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის სახელმწიფოსგან თავშესაფარს ითხოვდა.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 2010 წელს აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. 46 წლის ქალი თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვდა ხელისუფლებისგან.

სანატორიუმი „ქართლი“, სადაც დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი ცხოვრობდა, ეგრეთ წოდებული ნგრევადი ობიექტების ნუსხაშია შეყვანილი. ეს სტატუსი აჩვენებს, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია და საფრთხის შემცველი. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში 90-მდე ობიექტი არსებობს, რომელსაც ნგრევადის სტატუსი აქვს მინიჭებული და სადაც დევნილები არიან შესახლებული.

დევნილები საქართველოში 2008
დევნილები საქართველოში 2008

„2020 წელს არ შეცვლილა დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა. დამატებით გამოიკვეთა ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში სულადობის მიხედვით განსახლების არასათანადო დაგეგმვა და გარკვეული განსახლების პროგრამების განხორციელების გაჭიანურებაც. 2020 წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტი - 96 შენობა და მათში მცხოვრები 711 ოჯახი განსახლდა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ამჟამად ექსპერტიზის საფუძველზე შეფასებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. დანარჩენი 19 ობიექტი კი, დევნილთათვის კერძო საკუთრებაშია გადაცემული და სააგენტო მათ მდგომარეობას აღარ ამოწმებს,“- ნათქვამია სახალხო დამცველის უკანასკნელ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებდა იმის შესახებაც, რომ საცხოვრებლების შემოწმების საკითხი, სადაც დევნილები კომპაქტურად არიან განთავსებულები, თავად დევნილების ინიციატივით ხდება და არა სახელმწიფოს დაინტერესების შედეგად. მაგალითისთვის, 2020 წელს 35 ობიექტის მდგრადობა შემოწმდა დევნილთა განცხადების საფუძველზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის თაობაზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ზუსტი ცნობები იმის თაობაზე, თუ რამდენი დევნილ-შეფარებული ობიექტია ავარიულ მდგომარეობაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ერთ-ერთი გამოწვავა ეგრეთ წოდებული ნგრევადი შენობების ზუსტი მონაცემების არარსებობაა“. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საექსპეტო შეფასებების ინტენსიურად და პროაქტიულად ჩატარების საჭიროებაზე, რაც შესაძლებელს გახდის მათი ზუსტი რაოდენობის დადგენას. „ზუსტი მონაცემების უქონლობის პირობებში, სიცოცხლისა და მომეტებული საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღმა რჩება“,- ასეთია საქართველოს ომბუდსმენის განცხადება.

დევნილები საქართველოში 2008
დევნილები საქართველოში 2008

დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, გარდა შენობების ავარიულობისა და მათი ნგრევადობისა, სახალხო დამცველი იმის შესახებაც საუბრობს, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს საერთო სველი წერტილებით უწევთ სარგებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში არ მიეწოდებათ წყალი და ამორტიზირებულია საკანალიზაციო სისტემები. განსაკუთრებით, კორონაპანდემიის პირობებში, იზრდება ინფიცირების რისკიც, რადგან დევნილებს არ მიუწვდებათ ხელი ელემენტარულ ჰიგიენაზე.

ამგვარ პირობებში მყოფმა ზურაბ ჭიჭოშვილმა, რომელსაც ოჯახი ემიგრაციაში ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა, სამინისტროს დაპირების შესრულებამდე კვლავ მოცდას, თვითმკვლელობა არჩია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა დევნილის გარდაცვალების გამო და მას „უბედური შემთხვევა“ უწოდა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ ეტაპზე დევნილებს სამინისტრო განსახლების ორ შესაძლებლობას სთავაზობს. ერთია ის, რომ მათ თავად მოიძინონ საცხოვრებელი, რომლის კვადრატულ მეტრში სამინისტრო 550 დოლარის ექვივალენტს გადაიხდის და მეორე - დაელოდონ სამინისტროს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. მუნიციპალურ გამგეობებთან ერთად, ამგვარი არჩევანის შემთხვევაში, სამინისტრო დევნილებს მანამდე ქირის თანხის გადახდას სთავაზობს.

ერთი შეხედვით, ეს პირობები მისაღები უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც 30 წელი საკუთარ ქვეყანაში დევნილად გაატარა, თუმცა ადამიანები, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამინისტროს წინადადებებს ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ ქირის გადახდის შეთავაზება, მოკლევადიანი, არამყარი წინადადებაა, რის შედეგადაც შესახლებული ობიექტებიდან დევნილებს გაასახლებენ, შემდეგ კი მათ სახელმწიფო დაივიწყებს. ამიტომაც, ამ წინადადების მიღებისგან დევნილები თავს იკავებენ.

განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.“

ამ დროისთვის ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ავარიულ შენობაში საცხოვრებელს, დაახლოებით, 130 დევნილი ოჯახი იზიარებს.

XS
SM
MD
LG