შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იმ სამ ძირითად ნაბიჯზე საუბრობს, რომლებსაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.
სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, ინტენსიურად მუშაობს მოცულობითი სანქციების შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში კვლავ შეჭრის შემთხვევაში, ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე საკუთარი დაცვა გააძლიეროს.
„პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი - შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ექსკლუზიური ინტერვიუ, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს, მიროსლავა ღონღაძეს მისცა.
ენტონი ბლინკენმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა გზებზე, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთს მიმდინარე კრიზისის განსამუხტად შესთავაზა.
„ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენს შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან. და მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს“ - აცხადებს ბლინკენი.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ საკუთარი მოქმედებებით, რუსეთმა შეძლო იმის დაჩქარება, რის პრევენციასაც ცდილობს. საუბარია ნატოს გაძლიერებაზე. ბლინკენი ამბობს, რომ ნატოს გაძლიერებისკენ, 2014 წელს, უკრაინაში რუსულმა მოქმედებებმა უბიძგა.
„გასაოცარი ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეძლო დაეჩქარებინა ის, რისი პრევენციაც სურს. რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და აიღო ყირიმი, დონბასი, ნატოს მოუწია გაეძლიერებინა საკუთარი თავი“ - აცხადებს ბლინკენი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
გასულ კვირაში, ამერიკა-რუსეთს, ასევე ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.
სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. პარასკევს კი დაგეგმილია შეხვედრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან. მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა ჟენევაში გაიმართება.