ოთხშაბათს, 14-მილიონიან ჩინურ ქალაქ ტიანძინში, ყველა მოქალაქეს კოვიდ-19-ზე ტესტირება უკვე მეორედ უბრძანეს. პირველი შემოწმების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობაში კორონავირუსის 97 შემთხვევა გამოვლინდა. ტიანძინის რამდენიმე უბანში ზომები გამკაცრდა და კარანტინი გამოცხადდა.
საპორტო ქალაქი დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს პეკინიდან, სადაც ზამთრის 24-ე ოლიმპიადა უნდა გაიმართოს. მგზავრობის დრო ტიანძინიდან დედაქალაქამდე სულ ნახევარი საათია. ოლიმპიადის გახსნა კი ძალიან მალე, 4 თებერვალს იგეგმება. ზამთრის ოლიმპიადა ჩინეთში 20 თებერვალს დასრულდება.
პრობლემა იმაშია, რომ ტიანძინი მხოლოდ ერთია ჩინეთის სხვა რამდენიმე ქალაქს შორის, რომლებიც ოლიმპიადის წინ კარანტინში აღმოჩნდნენ. "ომიკრონის გამო, ასიმპტომატური შემთხვევების მაღალი მონაცემია, ამიტომ ვფიქრობ, [ტესტებში] დადებითი პასუხების ზრდა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება" - ამბობს ტუ ჩინგ-იერი, ტაივანის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი. მისი აზრით, პეკინის ოლიმპიურ სოფელში ომიკრონის გავრცელების "მაღალი ალბათობაა", რადგან ჩინეთის დედაქალაქის საკვებით მომარაგება და მისი სხვა ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება ძირითადად სხვა ქალაქებიდან ხდება.
ჩინეთი ოლიმპიადის განრიგის შეცვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. ჰუანგ ჩუნმა - პეკინის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა - 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ზამთრის თამაშები გეგმის მიხედვით გაიმართება, თუ პანდემიის რაიმე დიდი აფეთქება არ მოხდა. მისი თქმით, პეკინის ჩაკეტვის საჭიროება დღევანდელ მოცემულობაში არ იკვეთება.
Facebook Forum