ყაზახეთში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე უარესი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საპროტესტო მუხტის აფეთქება ყაზახეთის ორი მძლავრი მეზობლის, რუსეთის და ჩინეთის მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის უმეტესი წილი ჩინეთზე მოდის და ქვეყანა მოსკოვის სტრატეგიული მოკავშირეა.
წლის დასაწყისში, ავტომობილის საწვავზე ფასის უეცარმა მკვეთრმა გაზრდამ ქვეყნის დასავლეთში, მენავთობეთა ქალაქში, პირველი დემონსტრაციები გამოიწვია. მას შემდეგ, ათობით დიდ და პატარა ქალაქში, ათი ათასობით ქუჩაში გამოსული ადამიანის სამიზნე მთელი ავტორიტარული მთავრობა გახდა.
პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი სულ უფრო სასოწარკვეთილ ფიგურად გვევლინება. თავდაპირველად, მასების დამშვიდება ოთხშაბათს მთავრობის მთელი შემადგენლობის დათხოვნით სცადა, მაგრამ იმავე დღის ბოლოსთვის პოზიცია შეიცვალა. ჯერ დემონსტრანტები ტერორისტებად გამოაცხადა, შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო ალიანსს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ამბოხების ჩახშობაში დახმარების თხოვნით მიმართა და ეს ორგანიზაციაც მშვიდობისყოფელების დაუდგენელი რიცხვის გაგზავნას დათანხმდა.
რატომ არის ხალხი განრისხებული?
შუა აზიის ხუთ სახელმწიფოს შორის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ყაზახეთი ყველაზე დიდი და მდიდარია. ყაზახეთის ტერიტორია ზომით დასავლეთ ევროპის ტერიტორიის ტოლია და ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ურანის და ძვირფასი ლითონების კოლოსალური მარაგები გააჩნია.
ყაზახეთის ბუნებრივმა სიმდიდრეებმა მყარი საშუალო კლასი და ულტრა-მდიდარი მაგნატების მნიშვნელოვანი კოჰორტა შექმნა, თუმცა მოსახლეობის ფართო მასა ფინანსურ გაჭირვებაშია. ეროვნული მასშტაბით საშუალო თვიური ხელფასი 600 დოლარზე ცოტა ნაკლებია. საბანკო სისტემა გადაუხდელი სესხებით გამოწვეული ღრმა კრიზისის მსხვერპლი გახდა. მთელი რეგიონის მსგავსად, ქვეყანაში წვრილმანი კორუფცია ყვავის.
ამჟამინდელი კრიზისის გამომწვევი პირველი გამოსვლა, ქვეყნის დასავლეთში მდებარე მენავთობეთა მტვრიან ქალაქ ჟანაოზენში მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ხნის გამნმავლობაში მწიფდებოდა უკმაყოფილება იმ შეგრძნების გამო, რომ რეგიონის ენერგო სიმდიდრე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლიანად არ უნაწილდებოდა. 2011 წელს, პოლიციამ ქალაქში სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლა, რომლებიც გაფიცვის შემდეგ დათხოვნილი მენავთობეების მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.
როდესაც თხევად ბუნებრივ გაზზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების საწვავად იყენებს, შაბათს ფასი უეცრად გაორმაგდა, მოთმინების ძაფი საბოლოდ გაწყდა. მეზობელი ქალაქების მოსახლეობა დემონსტრაციებს სწრაფად შეუერთდა და დღეების განმავლობაში დიდი აქციები მთელ ქვეყანას მოედო.
ვინ ხელმძღვანელობს საპროტესტო აქციებს?
დიდი ხნის განმავლობაში, კრიტიკის ჩახშობა ყაზახეთში მიღბული ნორმა იყო. ნებისმიერი ფიგურა, რომელიც მთავრობასთან დაპირისპირებას განიზრახავდა, ან რეპრესიის სამიზნე ხდებოდა, ან გარიყვის, ან მის გადაბირებას ახდენდნენ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომეს დემონსტრაციები უჩვეულოდ დიდი იყო, ზოგიერთ გამოსვლაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რაც ყაზახეთისთვის დიდი რიცხვია, პროტესტის ლიდერები არ გამოიკვეთნენ.
ყაზახეთის უახლესი ისტორიის უმეტეს პერიოდში, ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ხელში იყო. ეს შეიცვალა 2019 წელს, როდესაც ახლა უკვე 81 წლის ნაზარბაევი გადადგა და მის მემკვიდრედ დიდი ხნის მოკავშირე, ტოყაევი დაასახელა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე, რომელიც სამხედრო და უშიშროების სამსახურებს აკონტროლებს, ნაზარბაევი ქვეყანაში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებდა. შესაბამისად, ოპოზიცია თვლის, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ნაზარბაევი აკონტროლებს. ოთხშაბათს ტოყაევმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა მან გადაიბარა.
ბოლო დღეებში, ქუჩებში გამოჩენილი რისხვის უმეტესი წილი არა ტოყაევის, არამედ ნაზარბაევის მისამართით იყო, რომელიც ჯერაც ქვეყნის უმაღლეს მმართველად მიიჩნევა. შეძახილი „შალ კეტ“ (მოხუცო წადი), მთავარ მოწოდებად გადაიქცა.
ხელისუფლება როგორ რეაგირებს?
ხუთშაბათს, ალმათში პოლიციის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სამთავრობო შენობებზე თავდასხმების დროს, ათობით დემონსტრანტი მოკლეს. სულ მცირე, თორმეტი პოლიციელიც მოკლეს, მათ შორის ერთს თავი მოკვეთეს.
პოლიციის პრეს-მდივანმა სალთანატ აზირბეკმა თქვა: „ღამის განმავლობაში, ალმათში შენობებზე თავდასხმის მცდელობები იყო და „ათობით თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა“. პრეს-მდივანმა ეს ახალი ამბების სახელმწიფო არხ „ხაბარ-24“-ს უთხრა. შენობებზე თავდასხმის მცდელობებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოთხშაბათს, ქალაქში ფართოდ მოდებული არეულობები მოხდა, მათ შორის მერიის შენობის დაპყრობა, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს.
თავდაპირველი რეაქცია ჩვეულებრივი მიდგომის შენარჩუნება იყო, რომელსაც საზოგადოების მღელვარების დროს მიმართავდნენ. პოლიციის და ეროვნული გვარდიის დიდი რაოდენობა გამოიყვანეს. ოთხშაბათ დილით ხალხის მასას, რომელიც ალმათის მერიასთან მივიდა, პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმი და ჯავშნიანი მანქანები დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებებს ადვილად შლიდნენ ხოლმე, ქუჩაში გამოსული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდი იყო.
რამდენიმე ქალაქში სახელმწიფო შენობებზე თავდასხმების პირობებში, ტოყაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, მოსკოვის მიერ მართულ სამხედრო ალიანსს მიმართა. გარედან ინტერვენციის თხოვნა მან გაამართლა იმის განცხადებით, რომ დემონსტრანტები საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების დავალებით მოქმედებდნენ. მას არ შეუთავაზებია დეტალები იმის თაობაზე, თუ ამაში ვის, ან რას გულისხმობდა.
სავარაუდოა თუ არა მთავრობის დამხობა?
ეს ყაზახეთისთვის უცნობი მიმართულებაა. ქვეყანაში დიდი დემონსტრაციები ადრეც ყოფილა. 2016 წელს, მიწის შესახებ საკამათო საკონსტიტუციო კანონის მიღების შემდეგ და 2019 წელს, მას შემდეგ, რაც საკამათო არჩევნებმა ტოყაევის ხელისუფლებაში დარჩენა უზრუნველყო. თუმცა, ასეთი მასშტაბის აქამდე არაფერი მომხდარა.
ტოყაევმა საზოგადოებისადმი ერთ-ერთ მიმართვაში, ოთხშაბათს პირობა დადო, რომ რეფორმებს გაატარებს და მიანიშნა, რომ პოლიტიკური ლიბერალიზაცია იქნება შესაძლებელი. თუმცა, დღის ბოლოს მის მიერ გაკეთებულმა უფრო მკაცრმა შენიშვნებმა აშკარა გახადა, რომ ამის ნაცვლად ის ახლა რეპრესიების გზას ირჩევს.
იმის გამო, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერები და მთავარი ფოკუსი გამოკვეთილი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, რთულად პროგნოზირებადია ის, თუ ის როგორ დამთავრდება დღევანდელი არეულობა. თუ დემონსტრანტები მთავრობის დამხობას მაინც ვერ მოახერხებენ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს პოტენციურად მაინც შეუძლია ღრმა ტრანსფორმაციის გამოწვევა. თუმცა, ამ ეტაპზე, არც ის არის ნათელი, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს.
Facebook Forum