მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ავსტრალიის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში კიდევ ერთი ჩოგბურთელი, ჩეხი რენატა ვორაკოვა შეუერთდა. მიზეზი კვლავ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
ორივე სპორტსმენი დეპორტაციის მოლოდინში, მელბურნის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაყვანილი, სადაც ავსტრალიაში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები არიან განთავსებულნი.
ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, ვორაკოვა არ აპირებს, დეპორტაციის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს. ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ვარჯიშისთვის შეზღუდული საშუალებების გამო, რენატა ვორაკოვამ გადაწყვიტა ტურნირში მონაწილეობა არ მიიღოს და დატოვოს ავსტრალია“ - ნათქვამია განცხადებაში. ჩეხეთის საგარეო უწყება დიპლომატიურ პროტესტსაც გამოთქვამს და ამბობს, რომ მსგავსი ვითარება სხვა სპორტსმენების შემთხვევაშიც შეიქმნა.
ჯოკოვიჩი საჯაროდ ეწინააღმდეგობოდა სავალდებულო ვაქცინაციას. 2020 წელს კი, როცა პანდემია მწვავე ფაზაში იყო, ის საჩოგბურთო ტურნირის გამართვის გამო, საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკის სამიზნე გახდა.
ავსტრალიის პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად, მან ვიზა ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლების საფუძველზე მიიღო. თუმცა, ავსტრალიის ხელისუფლებამ, მელბურნიში მისი ჩაფრენის შემდეგ, ვიზა გააუქმა და მიზეზი არასაკმარის საფუძვლად ჩათვალა.
ავსტრალიის სასაზღვრო ძალების ოფიციალური განცხადების მიხედვით, პარასკევს ქვეყანა კიდევ ერთმა ადამიანმა ნებაყოფლობით დატოვა. დამატებით ერთ ადამიანს კი ვიზა გაუუქმდა. უწყება მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.
თავდაპირველმა გადაწყვეტილებამ, კოვიდ-19-ზე აუცრელი ჯოკოვიჩისთვის, ქვეყანაში შესვლის და ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცათ, ავსტრალიელები გააღიზიანა. ავსტრალია ახლა ვირუსის მაღალ გავრცელებას ებრძვის. ამასთან, ქვეყანაში მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული.
ოფიციალური ავსტრალია არ იზიარებს ჯოკოვიჩის გულშემატკივართა და ოჯახის წევრთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ სპორტსმენი „პატიმარია“.
„ის თავისუფალია, ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებს, შეუძლია წავიდეს“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარენ ენდრიუსმა.
ჯოკოვიჩის ადვოკატებმა მოიპოვეს კანონიერი თანხმობა, რაც სასამართლო განხილვამდე დარჩენის უფლებას იძლევა. სასამართლოზე უნდა გამოვლინდეს მეტი დეტალი, სამედიცინო გამონაკლისის დამდასტურებელი საბუთის შესახებ, რომელიც ჯოკოვიჩმა მიიღო. ასევე იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც სპორტსმენმა მესაზღვრეებს წარუდგინა.
პარასკევს, სპორტსმენმა გულშემატკივრებს „ინსტაგრამის" საშუალებით მიმართა. „მადლობა ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, მხარდაჭერისთვის. მე ამას ვგრძნობ და ეს ძალიან დასაფასებელია“ - წერს ჯოკოვიჩი.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება.
Facebook Forum