ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს უმაღლეს კომისარს "ქართული ოცნების" ინიციატივა აშფოთებს


აშშ-ის საელჩო და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ღრმად შემაშფოთებელია პარლამენტის წინადადებები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რომელსაც მთავარი როლი აქვს წამების პრევენციასა და პერსონალური მონაცემების დაცვაში“ - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მიერ, „ტვიტერზე“ განთავსებულ განცხადებაში.

გაეროს უმაღლესი კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.

ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება. პარლამენტი, კანონპროექტს დაჩქარებული წესით, სავარაუდოდ, 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავს.

სახელისუფლებო პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა.


„ის დაჩქარებული წესით განხორციელდა არა მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან, არამედ თავად სახელმწიფო ინსპექტორთან ყოველგვარი კონსულტაციის, ასევე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გარეშე“ - განაცხადა კელი დეგნანმა 27 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართული შეხვედრის შემდეგ.

დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე საზედამხედველო ფუნქცია აქვს, წლების განმავლობაში კი სამსახურის ექსპერტების მიმართ, საკანონმდებლო ორგანოს კითხვები და პრეტენზიები არ ჰქონია.

შეერთებული შტატების ელჩი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული პროცესი უნდა შეანელოს და ჩართულობითი, გამჭვირვალე კონსულტაციებით შემუშავდეს მიდგომა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეალურ გაძლიერებას დაეხმარება.

მიმდინარე პროცესს, ქართული დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველად აფასებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“ - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩესმა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტიც.

„მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

თავად სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს.

ქართული ოცნების ინიციატივას, წინ უძღოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოძიების დაწყება.

მმართველი პარტიის ინიციატივას აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ინიციატივა, საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ინიციატივა, ხელისუფლების მხრიდან, დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას ისახავს მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG