ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა - კვლავ კრემლის რადარზე


უკრაინა კვლავ რუსული აგრესიის პირისპირაა - სამხედრო მობილიზება ქვეყნის საზღვრებთან, ანექსირებული ყირიმი და სეპარატისტების ომი ქვეყნის აღმოსავლეთში. კიევს რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლაც და თავის დაცვაც. დასავლეთი რუსეთს უკან დახევისკენ მოუწოდებს, ამერიკა კი უკრაინას სამხედრო დახმარებასაც სთავაზობს და შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

“საფრთხე რეალურია“, - ამბობს დენიელ ფრიდი, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ამერიკელი დიპლომატი რუსეთის განახლებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. უკრაინული მხარე საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთი მეზობელს თავს შესაძლოა კიდევ ერთხელ, უახლოეს მომავალში დაესხას. საფრთხეს, რომელიც ახლა ჩვეულებრივზე უფრო ახლოს და საშიშად გამოიყურება, ადასტურებენ არა მხოლოდ უკრაინული დაზვერვის სამსახური, არამედ მისი დასავლელი მოკავშირეებიც.

ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებული ცნობები ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურების ინფორმაციის მსგავსია, თუმცა მისთვის ეს მუქარა გასაკვირი არაა. „ჩვენ რუსეთთან ამ ჰიბრიდული ომის პირობებში უკვე 8 წელია ვცხოვრობთ. ჩვენთვის ეს სიურპრიზი სულაც არაა“, - ამბობს რეზნიკოვი.

პუტინი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მან უფრო დიდი რისკი უნდა გასწიოს, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის მიერ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით წარმატების მიღწევა, რადგან ეს პუტინის მემკვიდრეობას და მის, როგორც რუსული მიწების გამაერთიანებლის იმიჯს ეხება, მან შესაძლოა ისეთი ნაბიჯებიც გადადგას, რომლებიც ჩვენი გადმოსახედიდან სულაც არ ჩანს ლოგიკური,
- ალექსანდრ ვერშბოუ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლის ჰიბრიდული აგრესია სამხედრო მუქარით, დეზინფორმაციითა და რიტორიკით არ შემოიფარგლება და რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასაც უწყობს ხელს.

თუმცა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ისმის დასავლეთის არაერთი უმაღლესი ტრიბუნიდან. დასავლეთი ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას განსაკუთრებულ ხაზს უსვამს. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის ჩვენება სამხედრო და დიპლომატიურ დონეზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

„საფრთხე რეალურია, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბაიდენის ადმინისტრაცია ესაუბრება ევროპელებს და რუსებსაც. ამერიკამ უკრაინას დიპლომატიური სოლიდარობა უნდა აჩვენოს. დაეხმაროს სამხედრო თვალსაზრისით, მათ შორის, იარაღით, დაეხმაროს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების მომზადებით, თუკი ის უკრაინას თავს დაესხმება. ამერიკა ასევე უნდა ეცადოს ჩვენი ჩართულობის გაზრდით დიპლომატიური პროცესის გაუმჯობესებას, მინსკის შეთანხმების წინ წამოწევას, ოღონდ არა პუტინის პირობებით, რომელიც ძირს უთხრის სხვის სუვერენიტეტს. სამხედრო დახმარება, სანქციების მომზადება, დიპლომატიური ძალისხმევა და სოლიდარობა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ფრიდი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მობილიზებაა არა მხოლოდ საზღვრებზე, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზეც, რომლებსაც რუსები და პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ კონფლიქტს დღემდე 14 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნას და შეიარაღების გადაადგილებას უკრაინაში და მის საზღვრებთან, აკვირდებისან „ომის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც. ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინისთვის სულაც არ იქნება ხელსაყრელი და შესაძლოა ის ამან მაინც შეაკავოს:

„თავდასხმით ოპერაციას მნიშვნელოვანი საფასური მოჰყვება“, - ამბობს „ომის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი მეისონ კლარკი და განმარტავს: „იქნება ეს ჩრდილოეთის ნაკადის სერტიფიცირების შეყოვნება, ნატოსა და ევროპელი მოკავშირეების სამხედრო განლაგებების გაძლიერება უკრაინაში თუ სხვა. ეს სავარაუდოდ ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია იქნება. ამასთან, უკრაინის სამხედრო ძალებიც 2021 წელს აღარაა ის, რაც 2014 წელს იყო“.

თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ არაა დარწმუნებული, რომ პუტინს ამ რისკის გაწევა არ ენდომება:

„პუტინი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მან უფრო დიდი რისკი უნდა გასწიოს, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის მიერ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით წარმატების მიღწევა. ასე რომ, რადგან ეს ბატონ პუტინს, მის მემკვიდრეობას და მის, როგორც რუსული მიწების გამაერთიანებლის იმიჯს ეხება, მან შესაძლოა ისეთი ნაბიჯებიც გადადგას, რომლებიც ჩვენი გადმოსახედიდან სულაც არ ჩანს ლოგიკური“, - ამბობს ვერშბოუ.

“დემოკრატიის განვითარების ფონდის“ პრეზიდენტი და ამერიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი, რომელიც სწორედ რუსული აგრესიის შეკავების კუთხით მუშაობდა, ამბობს, რომ ეს აგრესია რუსეთის მხრიდან სწორედ იმას გამოხატავს, რომ ვლადიმირ პუტინს ესმის, უკრაინის წარმატება მისთვის პირადად, ყველაზე დიდი გამოწვევაა. რადგან უკრაინელებში მისმა აგრესიამ მეტი კონსოლიდაცია და დემოკრატიისადმი მეტი რწმენა გამოიღო შედეგად, ეს კი პუტინისთვის დიდი შავი ლაქაა. „სწორედ ამიტომ ათამაშებს ის კუნთებს ასე მასშტაბურად, ამგვარად ცდილობს დაშინებას და უპირატესობის მოპოვებას. ეს ხაზს უსვამს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გაორმაგების საჭიროებას ყველა მიმართულებით და იმას, რომ ეს ძალა, რეჟიმი ავიწროვებს არა მხოლოდ რუს ხალხს, არამედ სხვებსაც ართმევს თავისუფლებას“, - ამბობს დეიმონ უილსონი და განმარტავს, რომ ეს არის „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული რეჟიმი“, რომელიც მეზობლებსაც არ აძლევს საკუთარი ბედისა და თავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას.

ჩუმად არც ნატოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობაა. ალიანსის გენერალური მდივანი ხაზგასმით ამბობს, რომ ნატო დგას უკრაინის გვერდით.

„ბოლო კვირებში ჩვენ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი და უჩვეულო კონცენტრაცია ვნახეთ. იმის მსგავსი მობილიზება, რაც ყირიმში და შავი ზღვის რეგიონში წელს ადრეც ვიხილეთ“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი და დასძენს:

ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საფრთხე რუსეთისთვის. ეს არის სრულად თავდაცვითი წარმომადგენლობა, რომელიც ასევე აგზავნის ძალიან ნათელ სიგნალს, რომ ნატო იქ არის ყველა ჩვენი მოკავშირის დასაცავად ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.
- იენს სტოლტენბერგი

„ნატო ფხიზლად რჩება, ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და განვაგრძობთ კონსულტაციებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, როგორებიც არიან უკრაინა და ევროკავშირი. ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება რუსეთის მხრიდან, ჩვენთვის სერიოზულად შემაშფოთებელი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს მისი სამხედრო ქმედებების შესახებ მეტი გამჭვირვალობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენცია და დაძაბულობის შემცირება. ნატო დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ არ ვცნობთ და არც ვაპირებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მიღებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს დონბასში გასამხედროებული ჯგუფების მხარდაჭერა“.

კრემლში უარყოფენ, რომ მეზობლის წინააღმდეგ აგრესიას გეგმავენ. მოსკოვი დასავლეთში გაკეთებულ შეფასებებს როგორც ყოველთვის, ანტირუსულ ისტერიად მიიჩნევს და მზარდი დაძაბულობის ფონზე იმასაც ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმში ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებს. დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ „ნატომ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და მისი პოლიტიკური და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება რუსეთის საზღვრებთან“.

„ამერიკამ და მათმა სხვა მოკავშირეებმაც უნდა შეწყვიტონ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ძალის კონცენტრირება. ნატოს ქვეყნებმა კი რა თქმა უნდა, უნდა შეწყვიტონ უკრაინის გამოვსება თანამედროვე იარაღით, რომელიც მას გიჟური ნაბიჯებისკენ უბიძგებს“, - ამბობს პესკოვი.

იენს სტოლტენბერგი კრემლის ბრალდებების პასუხად აცხადებს, რომ ნატო არ შეუშინდება მზაობისა და ძალის გამოხატვას პარტნიორების დასაცავად მაშინ, როდესაც ეს არავის მიმართ მუქარად არ უნდა იყოს აღქმული:

„ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საფრთხე რუსეთისთვის. ეს არის სრულად თავდაცვითი წარმომადგენლობა, რომელიც ასევე აგზავნის ძალიან ნათელ სიგნალს, რომ ნატო იქ არის ყველა ჩვენი მოკავშირის დასაცავად ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახდენთ ნატოს ამ ძლიერებისა და მზაობის დემონსტრირებას უსაფრთხოების კუთხით ამ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად გარემოში“, - ამბობს ალიანსის გენერალური მდივანი.

საფრანგეთი და გერმანია აკრიტიკებენ რუსეთის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში შეხვედრაზე. ფორმატი თითქმის 8 წლის წინ ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეიქმნა. თუმცა, თავდაპირველი შეთანხმების ავტორთაგან ხელისუფლებაში ახლა აღარც პეტრო პოროშენკოა, აღარც ფრანსუა ოლანდი და აღარც ანგელა მერკელი. ერთადერთი უცვლელი ლიდერი ვლადიმირ პუტინია, რომელიც დღესაც რუსეთის პრეზიდენტია და დღესაც მეზობლებს ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG