სამშაბათს შეერთებული შტატების და რუსეთის მაღალჩინოსან გენერლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ და მისმა რუსმა კოლეგამ, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა განიხილეს.
ამერიკის მთავრობის განცხადების მიხედვით, გენერლებმა "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მიმოიხილეს", რაც რისკების შემცირების და დეესკალაციის მიზნით მიმდინარე კომუნიკაციის ნაწილი გახლდათ. ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ მოლაპარაკების დეტალები არ გახმაურებულიყო.
რუსეთთან ზარს წინ უძღოდა უკრაინელ გენერლებთან საუბრები, რაც ბოლო 4 დღეში 2-ჯერ შედგა. ოფიციალური ცნობით, მხარეებმა "აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ერთმანეთს შეხედულებები და შეფასებები გაუზიარეს".
შეერთებული შტატები და ნატო შეშფოთებულია რუსული ძალების "უჩვეულო აქტივობით" უკრაინის საზღვარზე, როგორც მის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე ყირიმში, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, საზღვრებზე მობილიზებულია დაახლოებით 90 0000 რუსი ჯარისკაცი.
მოსკოვს თავის მხრივ, ნატოს ბოლო წვრთნები აშფოთებს. რუსეთი ასევე არ მალავს გაღიზიანებას იმ ფაქტით, რომ ამერიკულ ვებგვერდზე უკრაინაში შექმნილი სიტუაცია 2008 წელს საქართველოში შეჭრასთან არის შედარებული და აცხადებს, რომ საქართველომ მაშინ მაღალი საფასური გადაიხადა.
Facebook Forum