ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ


პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მეტრო "ავლაბართან" შეიკრიბნენ და ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით დაიძრნენ. მათ მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეციალური ტექნიკა, ასევე ყვითელი ავტობუსები აღჭურვილი სამართალდამცავებით.

აქციის მონაწილეები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ თქვა, რომ კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება „,საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“.


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღევანდელი აქცია არის სიგნალი იმისა, რომ საპროტესტო მუხტი ძლიერდება და აქციებიც უფრო და უფრო გამწვავდება. ყოველდღიური ბრძოლა კი შედეგს გამოიღებს.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდშიც. ანა წითლიძის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქციის ხუთი დეპუტატი იწყებს შიმშილობას. დღეს შიმშილობა დაიწყეს რუსთავის საკრებულოს წევრებმაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ერთ-ერთი იმ საქმის განხილვა გაიმართა, რომელშიც სააკაშვილს ბრალი ედება. პროცესი ხმაურით წარიმართა. ადვოკატებმა – ბექა ბასილაიამ, დიმიტრი საძაგლიშვილმა და შოთა კახიძემ დააყენეს შუამდგომლობა, სასამართლო სხდომის გაშუქების საშუალება მისცემოდა ყველა მედიასაშუალებას, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამდა. თუმცა სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროცესის გაშუქება.

პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს სურს, პროცესს ესწრებოდეს მიხეილ სააკაშვილი და პროკურატურა მზადაა, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტის დისტანციური მონაწილეობა ან პროცესის პენიტენციურ სისტემაში გამართვა, თუ ამაზე მზადყოფნას დაცვის მხარეც გამოთქვამს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ საკითხი წინასწარ იყო გადაწყვეტილი და სხდომა დიდი ხნით განზრახ გადაიდო, რომ სააკაშვილს მასში მონაწილეობა ვერ შესძლებოდა.

მოსამართლემ პროცესზე ახსენა პენიტენციური სამსახურის გავრცელებული წერილი, რომელიც სუს-ის გამოძიებასაც ეყრდნობა და აღნიშნა, რომ მასში დასახელებული გარემოებები საფრთხეს შეიცავდა პატიმრის ეტაპირებისა და ჯანმრთელობისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG