სასამართლო პროცესი, რომელსაც უკვე ეწოდა ისტორიული, შედგა, თუმცა მთავარი მონაწილის დაუსწრებლად. მმართველი პარტია საქართველოში, „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც ამომრჩეველთა წინაშე დამახასიათებელია დისკურსი იმის შესახებ, რომ წინა, „დამნაშავე“/“სისხლიანი რეჟიმი“ უნდა გასამართლდეს, ამ განზრახვაზე, ყოველ შემთხვევაში მის დემონსტრაციულ ნაწილზე უარს ამბობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღეს სააკაშვილი სასამართლოში, დამნაშავის სკამზე არ წარადგინა.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად გახლდათ ამ პროცესისთვის. უფრო მეტიც, ის და მისი უფლებადამცველები ღია და გამჭვირვალე სასამართლო სხდომის ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა ამგვარი პროცესი არ შედგა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოს შენობაში საფრთხის შემცველი იყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს,“- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიცია, რომელიც ერთის მხრივ, მუნიციპალური არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, მეორეს მხრივ კი მესამე პრეზიდენტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებს, პერმანენტულ აქციებს მართავს. დღეს სამოქალაქო პროტესტი დედაქალაქში ერთდროულად სამ ლოკაციაზე იყო დაგეგმილი. მას მეოთხე დანიშნულების ადგილიც მიემატა - საქალაქო სასამართლო. პოლიციამ განსაკუთრებული მობილიზება გამოავლინა და აქტივისტების დაკავების მზარდი ტენდენციისკენ მიდრეკილება აჩვენა.
10 ნოემბრის მონაცემებით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, დაკავებულია 46 ადამიანი. შსს ამბობს, რომ ისინი გასცდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. „როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკლაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელიც აღნიშნავს, რომ დაკავებულები დაკავების უსაფუძვლობაზე მიუთითებენ. სახალხო დამცველმა მხოლოდ ერთ დაკავებულ პირთან მიმართებით დააფიქსირა ფიზიკური დაზიანებები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ“.
სასამართლო სხდომაზე კი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა. 7 ნოემბრის საქმე მოიცავს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით., რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილიას განმარტებით, „წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი, ფორმალურად აღარ არსებობდა და მისი გაუქმება, ყველა შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.“ ის ყურადღებას სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებს.
„სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, სააკაშვილი დღეს დარბაზში არ იქნება... მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, რომ მთელი 9 წლის მანძილზე ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში დამნაშავე იყო სააკაშვილი. დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება, რომელსაც აკანკალებს სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე. სასამართლო სისტემა არის მოშლილი, ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე რეაგირება არ აქვთ,“- ამბობს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი, სამართლის სპეციალისტი და ხანგრძლივი იურიდიული პრაქტიკის მქონე პოლიტიკოსი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ეკა ბესელია „ოცნების“ წარმომადგენლებს ეუბნება, რომ ასე მოქცევა სირცხვილია და რომ „ოცნებაში იმაზე უარესები გახდნენ, ვიდრე იყო ის, რასაც თითქოსდა ებრძოდნენ“.
ბესელიას აზრით, ქართული მართლმსაჯულება ევროკონვენციის მეექვსე მუხლს არღვევს, რაც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას გულისხმობს.
„ოცნებას ეშინია სააკაშვილის სასამართლომდე მიყვანის. ეს არ იყო საქმის სამართლიანი განხილვის სტანდარტი. ამას სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, მეექვსე მუხლის დარღვევად. დაუსწრებლად არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. არანაირი დამაჯერებლობა არ ჰქონდა იმ განცხადებას, რაც გავრცელდა [იგულისხმება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება,- ნ.დ.]. ასეთი რამ ყოველ დღე შეიძლება გაავრცელონ. სასამართლო რას აკეთებს ამ დროს? სასამართლო უნდა ითხოვდეს ამის მტკიცებულებას, რაც არ მოუთხოვია. სახელწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს დაცვის ორგანიზება ბრალდებულისთვის. აქ სამართალს გადააბიჯა პოლიტიკამ. სამართალი გადაწონა პოლიტიკურმა ფაქტორმა. სააკაშვილი გამოამწყვდიეს, არ აჩენენ, თავად ემალებიან სამართალს - ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ. დღევანდელი პროცესი ვერ უძლებდა მინიმალურ ტესტს სამართლებრივად და პროცედურულად,“- ასეთი გახლავთ ეკა ბესელიას შეფასება.
მომდევნო სხდომა სააკაშვილის საქმეზე 29 ნოემბერს ჩაინიშნა. სააკაშვილის დაცვის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თარიღი სასამართლომ იმ იმედით შეარჩია, რომ ამ დროისთვის სააკაშვილი იმდენად დაუძლურებული იქნება, შიმშილობის გამო, ვერ შეძლებს სასამართლოს დაესწოროს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ საპატიმროში რჩება. ის შიმშილობის 41-ე დღეს ითვლის.
Facebook Forum