მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დაპისპირებების შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, ერთი წელი გავიდა. ორი ქვეყნის დედაქალაქებში ეს თარიღი განსხვავებულად აღნიშნეს.
ბაქოში, ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და ქვეყნის გამარჯვება აღნიშნა. პრეზიდენტმა ალიევმა 8 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოაცხადა. გასულ წელს, სწორედ 8 ნოემბერს, აზერბაიჯანმა სტრატეგიულ ქალაქ შუშაზე კონტროლი მოიპოვა. ამის შემდეგ, სომხეთი იძულებული გახდა, რუსეთის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.
„ამ დიდებულ დღესასწაულს თითოეული აზერბაიჯანელი აღნიშნავს. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ დიდებული ერი ვართ“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
განსხვავებული იყო ვითარება ერევანში. 8 ნოემბერს ერევანში თავისუფლების მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ოპონენტები სწორედ ფაშინიანს ადანაშაულებენ გასული წლის სამხედრო წარუმატებლობაში.
საერთაშორისოდ, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა 1994 წლის სეპარატისტული ომის შემდეგ, რეგიონი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლს ქვეშ იყო. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, 1990-იანი წლებიდან დღემდე, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რეგიონში კვლავ დაძაბულობაა და ხშირია მხარეებს შორის ცალკეული სამხედრო დაპირისპირებები.