საქართველოს მეზობელ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები კვლავ იზრდება. კრემლი სიკვდილობის მორიგ რეკორდულ რაოდენობას აფიქსირებს. ინფიცირების მზარდი რაოდენობის გამო, მოსკოვი ახალი კოვიდ-შეზღუდვების გამოცხადებას გეგმავს.
სამთავრობო კორონავირუსის კრიზის-ცენტრის მონაცემებით, პარასკევს ქვეყანაში ახლადინფიცირების 37 141 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ის გართულებებით რუსეთში 1 064 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც სამთავრობო სტატისტიკური ცენტრი რეკორდულ მონაცემებს აფიქსირებს.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, 30 ოქტომბრიდან ქვეყანაში ძალაში შედის მუშაობის ერთი კვირით შეჩერების განკარგულება. რუსეთში ამ გზით შეეცდებიან ვირუსის გავრცელების შენელებას. მზარდ ინფიცირებას სპეციალისტები ვაქცინების მიმართ უნდობლობას, ვირუსის ვარიანტებს და ჯანდაცვის ზომების უკმარისობას მიაწერენ.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ე.წ. ლოკდაუნის ზომები ცოტა უფრო ადრე, 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გამოაცხადა. რუსეთის დედაქალაქში ყველა მაღაზია, ბარი, რესტორანი და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებების გარდა, საჯარო ადგილების უმეტესი ნაწილი დაიხურება.
რუსეთი სიკვდილობით უკვე მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ევროპაში - პირველზე. კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 228 453-ზე მეტია.
რუსეთი პირველი იყო, ვინც ვაქცინის შექმნის თაობაზე განაცხადი გააკეთა, თუმცა ქვეყანაში მესამედიც არაა სრულად აცრილი. წამყვანი კოვიდ-19-ის ვაქცინა კი, სახელად "სპუტნიკ-ვი", მონაცემთა არასრულად წარმოდგენის გამო, ჯერ არც ევროკავშირს და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაუმტკიცებია.
პანდემიასთან დაკავშირებით ევროკავშირში ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ რუსული დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთში ვრცელდება, ქვეყანას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. წამყვანი რუსული მედია-საშუალებებით კოვიდ-19-ის ვაქცინების მიმართ გავრცელებული სიცრუე და უნდობლობა ისევ რუსებს აზარალებს.
"დეზინფორმაციას მოკვლა შეუძლია. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა კრემლის მედიის მიერ გავრცელებულ სიცრუეს ვუყურებთ კოვიდ-19-ის და ვაქცინების შესახებ" - ნათქვამია ევროპის კავშირის კვლევაში, სახელად "დეზინფორმაციის განხილვა".
კრემლი დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას უარყოფს, როგორც კოვიდ-19-ზე, ისე ვაქცინებზე.
რუსული დეზინფორმაცია გავლენას მეზობელ ქვეყნებზეც ახდენს. ბოლო რამდენიმე კვირაა რეგიონში კოვიდ-19-ის მონაცემები რამდენიმე ქვეყანაში იზრდება.
ინფიცირების რეკორდული ზრდა ფიქსირდება უკრაინაში, სადაც ბოლო 24 საათში რეკორდულად ბევრი, 614 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 2.72 მილიონს აჭარბებს, რის გამოც კიევიც ახალ შეზღუდვებს მიმართავს.
უკრაინამ სკოლები როგორც კიევში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრგან ისევ დაკეტა და ორკვირიანი დასვენება გამოაცხადა. მთავრობამ კიევის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვაქცინების სერტიფიკატების, ან ტესტზე უარყოფითი პასუხის მოთხოვნა დააწესა. იგივე ეხება რესტორნებს, სპორტულ დარბაზებს და სხვა საჯარო სივრცეებს. 41-მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 6.8 მილიონია აცრილი.
ინფიცირება იზრდება ლიეტუვაში, ბულგარეთში და რუმინეთშიც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბულგარეთში, სადაც ბოლო თვეში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის მონაცემი 30 პროცენტით გაიზარდა. სოფიაში სარეანიმაციო განყოფილებები იმდენად გადაიტვირთა, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონის მიმდებარე საავადმყოფოებში იძულებულნი გახდნენ, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების გარდა, ყველა სხვა პროცედურა გადაედოთ ან გაეუქმებინათ. ბულგარეთში მხოლოდ ყოველი მე-4 ადამიანია კოვიდ-19-ზე აცრილი.
Facebook Forum