შეერთებული შტატების სენატმა ხუთშაბათს დროებით დაამტკიცა ფედერალური მთავრობის სესხის ზედა ზღვარი. ამ ნაბიჯის გარეშე ამერიკის მთავრობა საკუთარი სესხების მომსახურებას ვეღარ შეძლებდა. დროებითი ზომა ვალების გადახდის საშუალებას წლის ბოლომდე იძლევა. სენატმა გრძელვადიანი გამოსავლის მოსანახად მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისამდე გადადო.
სენატში კანონპროექტს მხარი ასიდან 50-მა სენატორმა დაუჭირა, 48-მ კი - არა. რამდენიმე დღით ადრე 11-მა რესპუბლიკელმა სენატორმა ხმა მისცა პროცედურის დამტკიცებას, რომელიც აუცილებელი იყო დროებითი გამოსავლის მოსანახად.
ახლა სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს და პალატის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას ხელს მოაწერს. კონგრესში კენჭისყრა 12 ოქტომბერს გაიმართება.
"პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის კანონპროექტზე ხელის მოწერას მაშინვე, როგორც კი ის კონგრესში დამტკიცდება და პრეზიდენტის მაგიდასთან მოხვდება", განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
კანონპროექტი ამერიკის სახელმწიფო ვალს 480 მილიარდით ზრდის, რის შედეგადაც შეერთებული შტატების მთავრობის ვალი $28,9 ტრილიონამდე გაიზრდება. ახლად დამატებული თანხა ქვეყანას 3 დეკემბრამდე ეყოფა ვალების მომსახურებისთვის.
Facebook Forum