ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში "ქვეყნის გადასარჩენად" ბრუნდება


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში “ქვეყნის გადასარჩენად” დაბრუნდება.

ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა თქვა, რომ მსჯავრდებულის სტატუსით ციხეში მოხვედრის პერსპექტივის მიუხედავად, ის თბილისში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებები, რის საფუძველზეც მას მსჯავრი დაედო, პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ის ციხეში აღმოჩნდება.

“კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს. მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას”, განაცხადა ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო, რომელიც 2 ოქტომბრით არის დათარიღებული. სააკაშვილმა დაბრუნებაზე წარსულშიც არაერთხელ გამოაცხადა. ეს ბოლოს 6 სექტემბერს მოხდა, როდესაც თქვა რომ ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩასვლას აპირებს.

XS
SM
MD
LG