ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანი ბაქოს ჰააგის სასამართლოში უჩივის


ერევანი ამტკიცებს, რომ ათწლეულების განმავლობაში, აზერბაიჯანი „სიძულვილის პოლიტიკას ატარებს“ და „სომხების რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას“ ეწევა. - ამის შესახებ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

სომხეთმა, აზერბაიჯანს ჰააგაში, გაეროს უმაღლეს სასამართლოში უჩივლა. ოფიციალური ერევნის სარჩელში საუბარია სისტემურ დისკრიმინაციაზე, მასობრივ მკვლელობებზე, წამებასა და სხვა სახის ძალადობაზე.

ტრიბუნალის თქმით, ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის „ძალადობრივი ქმედებები“, ეთნიკური სომხების წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს პრაქტიკა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2020 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის აგრესიის შემდეგ“ - აცხადებს სომხეთი.

ჰააგაში წარდგენილ სარჩელში, სომხეთი აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ზარალის კომპენსაციას მოითხოვს. ერევანი სასამართლოს მოუწოდებს, წინასწარი ზომები „უკიდურესად სწრაფად“ მიიღოს.

„აზერბაიჯანი მტკიცედ დაიცავს საკუთარ თავს“ -აცხადებს ერევნის სარჩელის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. მისი თქმით, ბაქო იმავე უფლებების დარღვევისთვის, ერევნის წინააღმდეგ სარჩელს თავადაც შეიტანს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სომხეთს პასუხისმგებლობას უახლოეს დღეებში დააკისრებენ, რადგან არ აპირებენ თვალი დახუჭონ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციის დროს აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევაზე.

ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის სექტემბერში განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG