ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ზურგში დანის ჩარტყმა" - პარიზის რეაქცია ვაშინგტონის ნაბიჯზე


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიენი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიენი

საფრანგეთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბრალი დასდო „ზურგში დანის ჩარტყმაში“ და მისი წინამორბედის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავს ქცევაში, მას შემდეგ რაც პარიზის გვერდით ავლით, ვაშინგტონმა და ლონდონმა ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაცემის შეთანხმებას მიაღწიეს.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ისინი ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის შეთანხმებას დებენ. შედეგად, უქმდება ავსტრალიასთან საფრანგეთის მიერ 2016 წელს მიღწეული გარიგება 40 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ნავების შესყიდვაზე. აღნიშნულს პარიზის უკმაყოფილება და მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„ეს სასტიკი, ცალმხრივი და მოულოდნელი გადაწვეტილება მახსენებს იმას რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიენმა. „მე გაბრაზებული და გაცხარებული ვარ. ეს მოკავშირეებს შორის არ ხდება“, - თქვა მან.

2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია „ნავალ გრუპი“ შეარჩია, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წყალქვეშა ნავების ფლოტი განეახლებინა. ორი კვირის წინ, ავსტრალიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, პარიზს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რომ შეთანხმება ძალაში იყო. ხოლო პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მომავალ ათწლეულებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა ივნისში, როცა ავსტრალიის პრემიერს, სკოტ მორისონს ხვდებოდა.

„ეს ზურგში დანის ჩარტყმაა. ჩვენ ავსტრალიასთან ნდობით სავსე ურთიერთობა გვქონდა, ახლა ეს ნდობა შეირყა“, - თქვა ლე დრიენმა.

ვაშინგტონის ქმედებებს და ურთიერთობას ავსტრალიასთან, ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა შეიძლება მოჰყვეს. ევროკავშირს, ხუთშაბათ საღამოს მისი ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის სტრატეგია უნდა გაესაჯაროვებინა.

„ეს ბევრისთვის პარიზში ჭექა-ქუხილის მომასწავებელი და ტრაფალგარის მომენტია“, - ამბობს ბრუნო ტეტრე, პარიზში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის სტრატეგიული კვლევების ფონდის დირექტორი „ტვიტერზე“. „ტრაფალგარის მომენტად“ 1805 წელს ბრიტანეთის ფლოტის მიერ საფრანგეთის ზღვაში დამარცხებას მოიხსენიებენ. „ეს გაართულებს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას რეგიონში. პეკინი ამით ისარგებლებს“, - თქვა მან.

ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი რჩება „მთავარ პარტნიორად ინდოეთი-წყნარი ოკეანის ზონაში“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG