შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიაში იმყოფება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან ერთად, ის დღეს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე გამართულ მოლაპარაკებას მასპინძლობს.
შეხვედრას პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნების საგარეო უწყებათა წარმომადგენლები ესწრებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ავღანეთში თალიბანის მმართველობის პერიოდში, ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად გაგრძელების უზრუნველყოფის გზები.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ მინისტერიალზე ისაუბრებენ იმაზეც, თუ რამდენად ასრულებს თალიბანი გაცემულ დაპირებებს და ხვდება თუ არა ის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაჩენილ მოლოდინს. დღევანდელ შეხვედრაზე დიდი ალბათობით, ასევე ისაუბრებენ კონტრტერორიზმის საკითხებზე და ავღანეთში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებაზე.
გერმანიაში გამგზავრებამდე, ბლინკენი ყატარში იმყოფებოდა. დოჰაში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თალიბანს მოუწოდა შეასრულოს დაპირება და ყველა მსურველს, ვისაც სათანადო დოკუმენტაცია გააჩნია, მისცეს ავღანეთის დატოვების საშუალება.
მჭიდრო ვადების გამო, ბევრს მსურველს არ მიეცა ქაბულის აეროპორტიდან უცხოეთში გაფრენის საშუალება, ვიდრე ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელმა სამხედროებმა ქაბული 30 აგვისტოს დატოვეს.
Facebook Forum