ავღანეთში თალიბანი ირწმუნება, რომ მათ თავისუფლების ერთადერთი წერტილი, ხეობა "ხუთი ლომის ველი" აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ თალიბანის ლიდერები ავრცელებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ პანჯშირის ხეობა სრულად გაწმინდეს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის წევრებისგან და ახლა უკვე მთელ ქვეყანას აკონტროლებენ.
"პანჯშირი, რომელიც გაქცეული მტრის უკანასკნელი სამალავი იყო, აღებულია,"- ამბობენ თალიბანის ლიდერები და სოციალურ მედიაში ვიდეოს ავრცელებენ, სადაც თალიბანის მებრძოლები პანჯშირის გამგეობის შენობის წინ პოზირებენ. როგორც თავად ამტკიცებენ, მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ახლა ისინი მთელ ავღანეთს აკონტროლებენ და მთავრობის წევრებს უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.
"ამ გამარჯვებით და ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა გამოვიდა ომის მორევიდან, ჩვენს ხალხს ექნება ბედნიერი ცხოვრება მშვიდობასა და თავისუფლებაში,"- ამბობს ზაიბულა მუჯაჰადი, თალიბანის პრესსპიკერი.
რაც შეეხება პანჯშირის ხეობას, მისი მტკიცებით, მოსახლეობასთან თალიბანს კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი თალიბანთან ერთად ააშენებენ უკეთეს ავღანეთს. საუბარია იმ ხეობის მოსახლეობაზე, რომელიც ჯერ საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი თალიბანს უწევდა წინააღმდეგობას.
"ისინი ჩვენი ძმები არიან და ერთად იმუშავებენ საერთო მიზნისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის,"- ამბობს მუჯაჰიდი და განმარტავს, რომ "ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს.
აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, რომელიც ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთი ლიდერია, ირწმუნება, რომ ის კვლავ ავღანეთში იმყოფება, თუმცა უფრო კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს. მეტიც, მასუდი ამბობს, რომ ისინი ხეობას კვლავ აკონტროლებენ და სტრატეგიულ წერტილებზე ისევ მათი მეომრები არიან განლაგებულები.
"ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის" საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ალი მაისა ნაზარი ამბობს, რომ თალიბანი იტყუება და მედიაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. წინააღმდეგობის ფრონტის წევრები აცხადებენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გრძელდება.
დამოუკიდებელი წყაროს საშუალებით ადგილზე შექმნილი ვითარების დადასტურება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
მასუდი "ტვიტერზე" წერს, რომ ის არსად არ გაიქცევა და სიცოცხლის ბოლო დღეებს "პანჯშირში გაატარებს".
"არ ვაპირებთ დანებებას და თალიბანის დროშის ქვეშ ცხოვრებას"- წერს ის "ტვიტერის" გვერდზე.
მანამ სანამ თალიბანი "ხუთი ლომის ველის" აღების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა, მანამდე პანჯშირის ხეობა ძლიერ დაიბომბა. თალიბანმა პანჯშირის ხეობის წინააღმდეგ ბრძოლა 31 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი რამდენიმე საათით ადრე, სრულად დატოვა.
პანჯშირის ხეობა ერთადეთია ავღანეთში რომელსაც ამ დრომდე თალიბანი ვერ აკონტროლებდა. ახლა თალიბანი ირწმუნება, რომ ადგილზე ვითარება შეიცვალა.
Facebook Forum