ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

44 გარდაცვლილი 4 შტატში - „იდას“ კვალი


ამერიკის 4 ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში, ქარიშხალ „იდას“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ, სულ მცირე 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიისა და კონექტიკუტის დიდ მონაკვეთზე, მოსახლეობას გასული დღის განმავლობაში წყალდიდობის შედეგებათან გამკლავება უწევდა - დატბორილი სარდაფები, დაზიანებული სახურავები, გათიშული ეელექტროენერგია და გართულებული გადაადგილება.

ქალაქ ნიუ-იორკში, 13 ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი გარეუბან ვესტჩესტერში. დაღუპულთაგან სამი ქუინსში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში იპოვეს.

საჯარო საცხოვრებელ კომპლექსში, ძლიერ წყალდიდობას შეეწირა რვა ადამიანი, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ელიზაბეტში. გუბერნატორ ფილ მერფის ინფორმაციით, შტატ ნიუ-ჯერსიში ქარიშხალმა ჯამში 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ხუთშაბათს, 170 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ნიუ-იორკსა და ნაიუ-ჯერსიში საგანგებო მდგმარეობა გამოაცხადა და ფედერალურ სამსახურებს დაავალა, ადგილობრივ ხელისუფლებებს, ქარიშხლისა და ძლიერი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებამდე, ქარიშხალმა „იდამ“ ყველაზე მეტად ლუიზიანის შტატის სამხრეთ ნაწილი დააზარალა. პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ლუიზიანაში ვიზიტს გეგმავს. მანამდე მან განცხადება თეთრ სახლში გააკეთა.

„ჩვენ ყველანი ერთად ვართ - ეს არის ჩემი გზავნილი, თითოეული დაზარალებულისთვის. მთელი ერი თქვენ გვერდითაა. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რეაგირება და აღდგენითი სამუშაოები შესაბამისი იქნება, რათა მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, სათანადო დახმარება მიიღონ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ძლიერი წვიმის ნალექმა, რომელიც ქარიშახლ „იდას“ ახლდა თან, ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. „იდამ“ ორი კვირის წინ, ამ არეალში გადმოსული ქარიშხალ „ანრის“ ყველა რეკორდი მოხსნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG