ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირსა და ნატოს მიმართეს


მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების მიღებაზე, საქართველოში მოქმედმა 15-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ღია წერილით ევროკავშირსა და ნატოს მიმართა.

წერილში, რომლის ადრესატებიც ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ნატოს გენერალური მდივანი არიან, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას „წინდაუხედავ უარს“ და „დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზს" უწოდებენ.

„ვთვლით, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთ-ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები წერილში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეთა 80%-ისთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანია.

„გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი - ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა. 5 ივლისი - დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა - მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი“.

წერილს ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, სამოქალაქო „ალიანსი თავისუფლებისთვის“, „კანონი და სამართალი“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც. თბილისის მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანიდადატი თვითმმართველობის არჩევნებზე ხაზს უსვამს, რომ სესხსა და დახმარებას შორის მნიშნველოვანი განსხვავება არსებობს. შესაბამისად საუბარი, რომ ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი თქვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, -თქვა კალაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG