რამდენიმე საათის შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა იყო მოსალოდნელი, ამერიკის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორია დაეტოვებინათ.
პარალელურად, კვირას, პენტაგონის ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა იქნა გასროლილი ქაბულის აეროპორტის მიმართულებით. თუმცა ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები განაგრძობს საევაკუაციო ფრენების შესრულებას.
უცნობია მოჰყვა, თუ არა სარაკეტო თავდასხმებს მსხვერპლი. ამერიკელი ოფიციალური პირები სააგენტო "როიტერს" უცხადებენ, რომ აშშ-მ მოახერხა რაკეტების ჩამოგდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ განსაზღვრული ვადით, სამშაბათამდე უნდა დატოვონ. ორშაბათს, ქვეყნიდან, ადგილზე მყოფი მაღალი თანამდებობის დიპლომატების ევაკუაცია მოხდა.
სარაკეტო თავდასხმა, პარასკევის ტერაქტს მოჰყვა, როცა ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, აფეთქებას 170 ავღანელის და 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა.
ქაბულის აეროპორტიდან გრძელდება ავღანელთა და ამერიკელ სამხედროებთან გაყვანის და ევაკუაციის პროცესი. 14 აგვისტოდან დღემდე, ამერიკამ 114,000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
ამერიკის საპასუხო საჰაერო თავდასხმას, თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისლამური სახელმწფოს აფილირებული დაჯგუფების ორი მნიშვნელოვანი წევრი ემსხვერპლა. საჰაერო იერიში, ხუთშაბათის აფეთქებას მოჰყვა, რომელზეც პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო - ხორაშანმა“ აიღო.
„ორი მაღალი პროფილის, ისლამური სახელმწიფოს სამიზნე იქნა ლიკვიდირებული, და ერთი დაიჭრა, ჩვენი ინფორმაციით არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაღუპულა“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.
„ეს არ იყო ბოლო შეტევა“, - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. „ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მოძებნას, რომლებიც ამ საშინელი თავდასხმის უკან არიან და ისინი საფასურს გადაიხდიან“, - თქვა მან.
პენტაგონი აცხადებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის შანსები კვლავ მაღალია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გართულდა ქვეყნიდან ამერიკელების და ზოგიერთი ავღანელის ევაკუაცია.
Facebook Forum