თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უსაფრთხოება, ჰაქანის ქსელის უფროს წევრებს ჩააბარა, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ უცხოურ ჯიჰადისტ ჯგუფებთან, მათ შორის - ალ-ყაიდასთან, რომელთანაც მათ დიდი ხნის კავშირი აქვთ.
დასავლეთის დაზვერვების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს დანიშვნა საგანგაშოა და აქარწყლებს თალიბანის დაპირებას, რომ უფრო ზომიერ გზას დაადგება 1996-2001 პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მოძრაობა ხელისუფლებაში იყო.
ეს ასევე ზრდის ალბათობას, რომ ალ-ყაიდას ავღანეთში დაბრუნებას მიესალმებიან, რაც დაარღვევდა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს თალიბანის ლიდერების მიერ დადებულ პირობას, რომ ავღანეთი უცხოელი ჯიჰადისტებისთვის კვლავ უსაფრთხო თავშესაფრად არ იქცევა.
ხუთშაბათს, აბდულა აბდულა, ავღანეთის ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე, ქაბულში ხალილ ალ-რაჰმან ჰაქანის და მის გარემოცვას შეხვდა. მოგვიანებით აბდულამ საჯაროდ მიანიშნა, რომ ჰაქანი ავღანეთის დედაქალაქის უსაფრთხოებას გაუწევს ზედამხედველობას და მან პირობა დადო, რომ “ბეჯითად იმუშავებს, რათა ქაბულის მოქალაქეებისთვის სათანადო უსაფრთხოება უზრუნველყოს.”
2001 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ხალილ ალ-რაჰმანი გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა და მის შესაპყრობად საჭირო ინფორმაციისთვის, ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ის გაეროს ტერორისტთა სიაშიცაა.
Facebook Forum