ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს


ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა.

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარდაცვალების შემთხვევების შემდგომი შემცირების შესაძლებლობა დევს არა კლინიკური მართვის გაუმჯობესებაში, ის ისედაც ძალიან კარგად იმართება, არამედ შემთხვევების შემცირებაში. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? - უნდა მივაღწიოთ ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება. დადგა ახლა დრო, როცა ყველაზე უფრო გულგრილმა ადამიანებიც კი, ვინც დაუდევრობას იჩენდა რეგულაციების შესრულებისას, ალბათ, მიხვდნენ, თუ რა შედეგები მოსდევს რეგულაციების არ დაცვას და როგორი საბედისწერო შეიძლება იყოს ეს შედეგები, თუ მისთვის არა ახლობლებისთვის. მეორე ეს არის, ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაიზარდა ვაქცინაციის მომართვიანობა და ვაქცინირებულთა რიცხვი, დღეს ესეც ცოტაა, უნდა გვქონდეს სულ ცოტა 30-35 ათასი ვაქცინაცია დღეში. ამისი ყველა პირობა არსებობს. ვაქცინები არის ქვეყანაში განუსაზღვრელი რაოდენობით, ნებისმიერი გემოვნების მოქალაქისათვის და ვაქცინაციის მიწოდების სერვისი გათვლილია 40-50 ათასის სიმძლავრეზე”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც. ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციაა. "მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე”, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ კომენტარს აკეთებს ამირან გამყრელიძეც. ის ამბობს, რომ თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება, სკოლებს, კვლავ ონლიან რეჟიმში მოუწევთ.

„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG