ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კატასტროფული კოლაფსი“ - ვაშინგტონში ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ


ქაბულის ქუჩებში შეიარაღებული თალიბების შეძახილი - „დიდება ალაჰს“ ისმის. დაჯგუფების წევრები ქალაქს სრულად აკონტროლებენ. სანამ თალიბანი გამარჯვებას ზეიმობს, შეშინებული მოსახლეობა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს და აეროპორტს მიაწყდა. ის ქალები კი, ვინც აეროპორტამდე ვეღარ მიაღწია, ჩაკეტილი კარის მიღმა, საკუთარ დიპლომებს წვავენ და ბურკებში იმალებიან, რათა თალიბანის რისხვას გადაურჩნენ.

"ამერიკის დახმარება მათ აძლევდა თავდაჯერებულობას იქამდე, ვიდრე ფატალური დოჰას შეთანხმება შედგებოდა და კითხვის ნიშანს დასვამდა იმასთან დაკავშირებით, უმაგრებდა თუ არა ამერიკა ავღანეთის ჯარს ზურგს ისევე, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა“.

ერთ კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდა თალიბანს იმისთვის, რომ ავღანეთზე კონტროლი დაემყარებინა და ქვეყნის დედაქალაქამდე, ქაბულამდე ჩასულიყო. ვიდეოკადრებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში ქაოსია. ამერიკელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ თალიბანი კარდაკარ დადის და ყველას აკითხავს, ვინც აქამდე ამერიკელ, ან დასავლელ ძალებთან თანამშრომლობდა.

ვაშინგტონში ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ქაოსი, რომელიც ახლა ავღანეთშია, ბაიდენის ადმინისტრაციის არასწორად გათვლილი ნაბიჯების ბრალია.

ჯეიმს კანინგჰემი, ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს უკეთესი არჩევანი არ ჰქონდა, ეს სიმართლე არაა.

ამერიკელი დიპლომატი თვლის, რომ ჯარისკაცების ავღანეთიდან გამოყვანის გეგმა არ იყო ისე შემუშავებული, რომ „კატასტროფული კოლაფსი“ თავიდან აეცილებინათ. ამ კოლაფსის მიზეზად კი, მას დოჰას ხელშეკრულება და მისი აღსრულების გზებიც მიაჩნია.

2020 წლის 29 თებერვალს, ამერიკასა და თალიბანს შორის, ე.წ დოჰას ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ისახავდა მიზნად. ამერიკამ პირობა დადო, რომ თავის სამხედროებს ავღანეთიდან გაიყვანდა. თავისმხრივ, თალიბანმა პირობა დადო, რომ ისინი ტერორისტულ დაჯგუფებებს უფლებას არ მისცემდნენ, ავღანეთში ყოფილიყვნენ. როგორც ექსპერტები განმარტავენ, მაშინ ამ ხელშეკრულებამ ავღანეთის ჯარის დემორალიზება გამოიწვია.

კანინგჰემი ამბობს, რომ დოჰას ხელშეკრულებამ ავღანეთის ჯარში ამერიკის ერთგულების შესახებ ეჭვები გააჩინა.

„ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან არის საუკეთესო ახალი ამბავი, რაც ალ-ყაიდას ჰქონია ბოლო ათწლეულებია. თალიბანის ქვეყნის სადავეებში მოსვლასთან ერთად, თითქმის, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალ-ყაიდა დაიბრუნებს უსაფრთხო თავშესაფარს ავღანეთში და გამოიყენებს მას ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმისთვის“.

„ავღანეთის ჯარმა დაამტკიცა თავისი მზაობა იმისთვის, რომ ებრძოლათ და ათასობით დაღუპულიყვნენ მას შემდეგ, რაც 2014 წელს უპირატესობა მოიპოვეს. მათ ეს შეძლეს ამერიკული ჯარის მიერ ჩატარებული მზარდი სწავლებებითა და დახმარებით. ასევე, იმ კონტრაქტორების დახმარებით, ვინც შეუფასებელი და აუცილებელი ლოჯისტიკური, ინტელექტუალური და საჰაერო მხარდაჭერა გამოუცხადეს [ავღანელ ჯარისკაცებს]. მათ ისწავლეს, როგორ უნდა ებრძოლათ იმ ტაქტიკის, უნარების და შესაძლებლობების გამოყენებით, რაც ჩვენ [ამერიკამ] ვასწავლეთ. ამერიკის დახმარება მათ აძლევდა თავდაჯერებულობას იქამდე, ვიდრე ფატალური დოჰას შეთანხმება შედგებოდა და კითხვის ნიშანს დასვამდა იმასთან დაკავშირებით, უმაგრებდა თუ არა ამერიკა ავღანეთის ჯარს ზურგს ისე, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა“,- ამბობს ყოფილი ელჩი.

ავღანეთში ამერიკელი სამხედროები 2001 წლის 7 ოქტომბერს, ტერორისტული დაჯგუფება ალ-ყაიდას გასანადგურებლად შევიდნენ. ამერიკელებმა მალევე აიღეს დედაქალაქი ქაბული და თალიბანს მართვის სადავეები ჩამოერთვა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამერიკაში, თითოეული ახალი ადმინისტრაციის სათავეში მოსვლას თან ახლდა შეკითხვა, შეიცვლებოდა თუ არა ამერიკის პოლიტიკა ავღანეთის ომთან დაკავშირებით.

დენ ფრიდს, კიდევ ერთ ამერიკელ დიპლომატს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა ესმის, რომ „სამუდამო ომით“ გამოწვეული იმედგაცრუება არსებობდა როგორც ამჟანმინდელი, ისე მისი წინამორბედ სამი პრეზიდენტის ადმინისტრაციებში. „მაგრამ, იმედგაცრუება პოლიტიკის საწარმოებლად ცუდი საფუძველია“,- ამბობს ფრიდი.

„მაშინაც კი, თუ ვინმე დაეთანხმება ადმინისტრაციას მათ მიზეზებში, თუ რატომ მოხდა [ჯარების] გამოყვანა, ასეთი ნაჩქარევი აღსრულება კატასტროფის გამომწვევი უფროა. თეთრი სახლი უპასუხისმგებლოდ და უმეცრად უყურებს ადგილზე არსებულ სიტუაციას და როგორც ჩანს, მთავარი გადაწყვეტილება ცუდ შეფასებაზე დაყრდნობით, ან საერთოდ შეფასებების გარეშე მიიღო“,- ამბობს ფრიდი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, ამერიკის მისია ავღანეთში ტერორიზმთან და ალ-ყაიდასთან ბრძოლა იყო, ახლა ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ 20 წლის შემდეგ, გამარჯვებული ისევ ალ-ყაიდაა.

"თეთრი სახლი უპასუხისმგებლოდ და უმეცრად უყურებს ადგილზე არსებულ სიტუაციას და როგორც ჩანს, მთავარი გადაწყვეტილება ცუდ შეფასებაზე დაყრდნობით, ან საერთოდ შეფასებების გარეშე მიიღო“.

„ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან არის საუკეთესო ახალი ამბავი, რაც ალ-ყაიდას ჰქონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თალიბანის ქვეყნის სადავეებში მოსვლასთან ერთად თითქმის, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალ-ყაიდა დაიბრუნებს უსაფრთხო თავშესაფარს ავღანეთში და გამოიყენებს მას ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმისთვის“,- ამბობს ნათან სეილსი, სკოუკროფტის ახლო აღმოსავლეთის უსაფეთხოების ინიცატივის პროგრამის უფროსი მკვლევარი და „ისლამური სახელმწიფოს“ დასამრცხებლად შემქნილ გლობალურ ინიციატივაში, ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი.

სეილსი ამბობს, რომ მალე 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფება ყველანაირ ფულად და შეირაღების რესურსს მიიღებს ავღანეთისგან და გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის და ამერიკის უსაფრთხოებას.

ძნელია იმის გათვლა, როგორ განვითარდება მოვლენები ავღანეთში. ამ წუთებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და მათ ევაკუაციას ქაბულის აერპორტიდან ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG