რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას ვაშინგტონში ეხმაურებიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები:
"13 წლის წინ, ამ დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოში, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და კიდევ ათასობით ადამიანს დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი. ახლაც კი, რუსულ ძალებს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას აქვს ტრაგიკული მსხვერპლი, მას ეწირება ადამიანების სიცოცხლე, განსაკუთრებით კი კოვიდ-19-ის პანდემიისას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ განგრძობითად არ ეძლევათ შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ, ჰუმანიტარულ, სამედიცინო დახმარებაზე. ამან გამოიწვია არასაჭირო მსხვერპლი და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეთანხმების პირობები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ველით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან", - ამბობს ნედ პრაისი "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეოში.
ომის 13 წლისთავს ეხმაურება ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში შეჭრა პუტინის მიერ დემოკრატიისთვის ომის გამოცხადება იყო.
"13 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რაც იყო განგრძობითი კონფლიქტის დასაწყისი საქართველოსთან. ეს ასევე იყო პუტინის მიერ დემოკრატიისთვის ომის გამოცხადების დასაწყისიც. ჩვენ არ დაგვავიწყდება რუსეთის შეჭრა და ვდგავართ ქართველი პარტნიორების გვერდით, მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს სენატორი "ტვიტერზე.""ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრიანაში, ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ 13 წლის წინ ევროპამ 1945 წელს, ჰიტლერის დამარცხების შემდეგ პირველი მასშტაბური ძალისმიერი აგრესია იხილა და ეს სწორედ რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ქართულ ძალებზე თავდასხმა და მათი დამარცხება იყო იმ ხანმოკლე ომში, რომლის პროვოცირებაც მოსკოვმა და მისმა მართულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში მოახდინეს.
ომის 13 წლისთავს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩოც. განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქარტველოს სუვერენულ ტერიტორიებში შეჭრის შემდეგ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი დაიღუპა, არაერთმა საცხოვრებელი დატოვა და ამასთან, არაერთი გაღატაკდა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა კი, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საელჩო საოკუპაციო ძალებს ამჟამად დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასევე მხარდაჭერას უცხადებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) და მხარეებს გალის IPRM-ის განახლებისკენაც მოუწოდებს.
"2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ", - ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
Facebook Forum