შეერთებული შტატები და გერმანია აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ნაკად-2-ზე შეთანხმებას მიაღწიეს. გაზსადენის წინააღმდეგობრივი პროექტი, ოპონენტების აზრით, უკრაინის ენერგოუსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ისევე როგორც - აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც პოსტს მალე დატოვებს, განაცხადა, რომ შეთანხმების თაობაზე უკვე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ვაშინგტონში მოელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას კონგრესისგან ისევ დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ამერიკელმა კანონმდებლებმა ორჯერ დაამტკიცეს სანქციები, რათა პროექტის დასრულებისთვის ხელი შეეშალათ. ამასთან, კონგრესის ორივე პალატაში ჩრდილოეთის ნაკად 2-თან დაკავშირებით ორპარტიული ერთსულოვნებაა.
21 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატები და გერმანია ამბობენ, რომ შეთანხმდნენ ზომების პაკეტზე, რომელთა შორისაა რუსეთზე შესაძლებელი სანქციებიც. მათი სამიზნე კრემლის პროექტის დასრულების გამო, უკრაინის ბიუჯეტის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქებაა.
ჩრდილოეთის ნაკადი 2 შედგება ორი პარალელური გაზსადენისგან, რომელიც 1 230 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის რუსეთის არქტიკულ ბუნებრივ აირს გერმანიაში ჩაიტანს, უკრაინის და პოლონეთის გვერდის ავლით. ეს კიევს, სატრანზიტო შემოსავლების სახით, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს დააკარგინებს.
კრიტიკოსები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გაზსადენი ძირს უთხრის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთს შეეძლება უფრო აგრესიულად მოექცეს მეზობელ ქვეყანას, ვინაიდან მის ენერგოგამტარობაზე დამოკიდებული აღარ იქნება.
რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, ყირიმის ნახევარკუნძული. ამას გარდა, კრემლმა უკრაინის აღმოსავლეთში ომი გააჩაღა, რომელშიც უკრაინის ეროვნული ძალები და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები იბრძვიან. ბრძოლებს 13 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
წელს რუსეთმა უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და დამატებითი სამხედრო ტექნიკა განალაგა. ძალების ამგვარი მობილიზაცია დასავლეთმა, შეერთებული შტატების ჩათვლით, უკრაინაზე ზეწოლად და მისთვის საფრთხის შექმნის გზად აღიქვა.
„თუკი რუსეთი შეეცდება ენერგია იარაღად გამოიყენოს და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული აქტი განახორციელოს, გერმანია ეროვნულ დონეზე მიიღებს ზომებს და ევროპის კავშირზეც მოახდენს ზეწოლას, სანქციების ჩათვლით, რათა შემცირდეს რუსეთიდან ენერგოსექტორში ექსპორტის შესაძლებლობები, მათ შორის - ბუნებრივი აირის და/ან სხვა ეკონომიკურად რელევანტურ სექტორში“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, გერმანია დანიშნავს საგანგებო რწმუნებულს, რომელიც შეეცდება უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწიოს რუსული აირის მიწოდების კონტრაქტის 10 წლის ვადით გასახანგრძლივებლად. ახლანდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის დასასრულს ეწურება.
ჩრდილოეთის ნაკად 2-ს შესაძლებლობა ექნება გერმანიას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ეს უკრაინაზე გამავალ დღევანდელ ტრანზიტს სრულად აკომპენსირებს.
ამერიკელმა კანონმდებლებმა აღშფოთება არ დააყოვნეს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2 გააძლიერებს რუსეთს, ძირს გამოუთხრის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეს შეუქმნის უკრაინას - შეერთებული შტატების მნიშვნელოვან მოკავშირეს“ - განაცხადა „ტვიტერზე“ რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. ანალოგიური განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა მარსი კაპტურმა. „კონგრესმა უნდა უარყოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და უკრაინის სუვერენიტეტს“ - თქვა მან.
წარმომადგენელთა პალატამ თვის დასაწყისში დაამტკიცა საკანონმდებლო შესწორება, რომლის მიზანია შეუჩეროს ბაიდენის ადმინისტრაციას მხრიდან გაზსადენზე დაწესებული სანქციების გაუქმების უფლება. კონგრესში თვლიან, რომ ამ სანქციების განხორციელება სავალდებულოა.
თითქმის ერთდროულად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ 30 აგვისტოს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ეს ზელენსკისთვის ორი წლის წინ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული, შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. ამ პერიოდში კონგრესი, როგორც წესი, არდადეგებზეა, რაც უკრაინის პრეზიდენტს პოტენციურად იმ კანონმდებლებთან შეხვედრის შანსსაც უკარგავს, ვინც ჩრდილოეთის ნაკად 2-ს ეწინააღმდეგება.
გასულ თვეში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა. ეს უკვე მაისშივე მიუთითებდა იმაზე, რომ მოსკოვს გაზსადენის პროექტის დასასრულებლად გზა ხსნილი ჰქონდა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ კი ამერიკა-გერმანიის შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვა, რომ კიევმა უკვე დაიწყო კონსულტაციები ევროკომისიასთან და გერმანიასთან. მისი განცხადებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 არღვევს ბლოკის ენერგო-დივერსიფიკაციის პრინციპს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ვაშინგტონის აზრით, გაზსადენი უკვე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი და მისი მშენებლობა ასე თუ ისე, მაინც დასრულდებოდა. ეს განცხადება მან „რადიო თავისუფლების“ უკრაინის რედაქციასთან გააკეთა. ამგვარი გამოსავალი კი უკრაინისთვის და მისი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის უარესი იქნებოდა, ამბობს შოლე.
„ამიტომ, ამ სცენარის თავიდან ასარიდებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ გვემუშავა გერმანელ პარტნიორებთან, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავით იმაში, რომ რუსეთისთვის მკვეთრი გზავნილი გვექნებოდა იმ მოლოდინის შესახებ, რაც მის ქცევას მოჰყვებოდა, რომ ენერგიის გამოყენება იარაღად არ შეიძლება, და ჩამოგვეყალიბებინა ის ღია შედეგები, რასაც ენერგიის იარაღად გამოყენება მოიტანდა“ - აცხადებს დერეკ შოლე.
Facebook Forum