ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ რუსეთს ცენტრ. აფრიკის რესპუბლიკაში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რუსეთს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ადგილიდან გაიყვანოს მისი „დაქირავებული მებრძოლები“.

ამერიკის ელჩმა გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილმა ეს განცხადება, გაეროს ანგარიშის შემდეგ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ რუსი ინსტრუქტორები და მათ მიერ მხარდაჭერილი სამხედროები, ქვეყანაში მკვლელობებს ჩადიან, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გადაჭარბებულ ძალას იყენებენ და ძარცვავენ ომისგან გადაღლილი ქვეყნის მოსახლეობას.

განცხადებაში, ელჩი ამბობს, რომ მებრძოლები „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელით მოქმედებენ“.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობა, და პასუხისმგებელ პირებს ანგარიშვალდებულება მოეთხოვოთ, გაიყვანოს დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც გაეროს მშვიდობისმყოფელებს საფრთხეს უქმნიან და ძირს უთხრიან მათ კრიტიკულ საქმეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდასაჭერად“, - თქვა ელჩმა.

ასობით რუსი ინსტრუქტორი, გაეროს მშვიდობისმყოფელებთან და რუანდის სპეციალურ ძალებთან ერთად სამოქალაქო ომში, პრეზიდენტ ფოსტინ არშანჟ ტუადერას აჯანყებულ ჯგუფებთან ბრძოლაში ეხმარება, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა ბოზიზეს უკავშირდებიან​.

დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსი ინსტრუქტორები, რუსული სამხედრო კონტრაქტორის, "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებული მებრძოლები არიან, რომელსაც მთავრობასთან აქვს კავშირები.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა უარყოფს გაეროს ანგარიშში აღწერილ ბრალდებებს. კრემლი კი მას „ტყუილს“ უწოდებს. ეს იმ ფონზე, როცა ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევის ავტორებმა, „ათასობით ცნობა (მიიღეს) რუსი ინსტრუქტორების მიერ შეუიარაღებელი მოსახლეობის განურჩეველი მკვლელობების შემთხვევების შესახებ“.

მოსკოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში მათ მხოლოდ 532 ინსტრუქტორი ჰყავთ გაგზავნილი და ისინი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენებების მიხედვით, რუსი სამხედროები არა მარტო მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში, არამედ „ისინი მათ უძღვებიან“. დამატებით, გაერო ამბობს, რომ წყაროების მიხედვით, რუსეთს ადგილზე ინსტრუქტორების უფრო დიდი რაოდენობა ჰყავს, დაახლოებით 800დან-1200-მდე.

ეს არ მოიცავს კიდევ 600 ადამიანს, რომელთა ადგილზე განლაგების შესახებ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ გაეროს, მაისში აცნობა.

რუსეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ეროვნებით რუსი, ვალერი ზახაროვი პრეზიდენტ ტუადერას ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებს, საკუთარ წარმომადგენლობას ზრდის. ქვეყნის მთავრობამ, რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს ოქროსა და ბრილიანტის მოპოვების უფლებები მისცა. ეს კომპანიები, არსებული ვერსიით, რუს ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ სწორედ პრიგოჟინია "ვაგნერის ჯგუფის" ხელმძღვანელი.

თუმცა, რუსეთის მხარე უარყოფს სამხედრო მოქმედებებში კერძო კომპანიის მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG