ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა “ასოშიეიტედ პრესს” უთხრა, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების ძირითადი სამხედრო ძალის გამოყვანის დასრულების შემდეგ, რაც მეტწილად მომავალი ორი კვირისთვისაა დაგეგმილი, ამ ქვეყანაში დიპლომატების დასაცავად დაახლოებით 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება.
ამასთან ერთად, რამდენიმე ასეული ჯარისკაცი, სავარაუდოდ სექტემბრამდე, ქაბულის აეროპორტში დარჩება, რათა თურქულ ძალებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ეს დროებითი ნაბიჯია, სანამ თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი, უსაფრთხოების უფრო ჩამოყალიბებული ოპერაცია დაინერგება.
მთლიანობაში, ოფიციალური პირის თანახმად, აშშ მოელის, რომ ამერიკული და კოალიციის სამხედრო სარდლობა და ჯარების უმეტესი ნაწილი ქვეყანას 4 ივლისისთვის ან ოდნავ მოგვიანებით დატოვებენ.
ოფიციალურ პირს ჯარის გამოყვანის დეტალებზე საუბრის ნებართვა არ ჰქონდა და “ასოშიეიტედ პრესს” ანონიმურობის პირობით ესაუბრა.
დაახლოებით 4 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დათქმულ ბოლო ვადამდე, 11 სექტემბრამდე, ბევრად ადრე დაიწყო და თალიბანის საბრძოლო წარმატებების აჩქარების თანადროულად ხდება. ეს აძლიერებს შიშს, რომ ავღანეთის მთავრობა და სამხედრო ძალები, შესაძლოა სულ რამდენიმე თვეში ჩამოიშალოს.
დაახლოებით 650 ჯარისკაცი, რომელთა ავღანეთში დატოვებას უფრო მუდმივი სახე ექნება, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და აეროპორტში გარკვეულ დახმარებას გაუწევს.
თურქეთი მეტწილად დათანხმდა აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას იმ პირობით, თუ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მხარდაჭერას მიიღებს. ამერიკელი და თურქი სამხედროები შეთანხმების დასასრულებლად ერთმანეთს ანკარაში ამ კვირაში ხვდებიან.
Facebook Forum