ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მინდა, ნატომ იცოდეს, რომ ამერიკა აქ არის“- ბაიდენი ნატოს სამიტზე


ბრიუსელში ნატოს პირველი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი პირველად ესწრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა უკვე გამართა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა რამდენიმე მთავარი გზავნილი გააკეთა. მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ დასავლეთი ერთიანი უნდა იყოს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. მეტიც, ის ამბობს, რომ კოორდინაცია ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია.

აქვე, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკა მტკიცედ იზიარებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლს. „მე მსურს ნატომ იცოდეს, რომ ამერიკა აქ არის. ჩვენ მეხუთე მუხლის წმინდა ვალდებულებას ვიღებთ,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ნატოს წესდებით, მეხუთე მუხლი ნიშნავს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა. ეს მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.

აქვე ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის ინიციატივით, რომ შეიცვალოს მეხუთე მუხლი და მას კიბერთავდასხმები დაემატოს. თეთრი სახლის პოზიციაა, რომ ნატოს სამიტის კომუნიკეში ეს ცვლილება აისახოს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება.

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00

„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც არ იქცევა იმის შესაბამისად, რასაც ველოდებოდით და ასევე ჩინეთიც. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ დიდი შვიდეულის სამიტზე და ჩემმა კოლეგებმა ეს საკითხი წამოწიეს. მათი მოსაზრებით, აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია. მკაფიოდ მინდა ვთქვა, ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმიდათაწმიდა ვალდებულებაა. მე სულ ვახსენებ ხოლმე ამერიკელებს, რომ როდესაც აშშ-ს დაესხნენ თავს, ნატო წინ აღუდგა ამას და პატივისცემით მოეკიდა მეხუთე მუხლის ვალდებულებას. მე მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა. ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, უკვე ათზე მეტი ქვეყანა ასრულებს ნატო-ს შეთანხმებით აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და სხვებიც ამ გზას ადგანან,- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

პირველად ალიანსის ისტორიაში, ჩინეთი ფასდება დასავლეთის უსაფრთხოების რისკად. მეტიც, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ჩინეთი აღარ არის კეთილმოსურნე სავაჭრო პარტნიორი.

“ჩინეთი გვიახლოვდება. ჩვენ ვხედავთ მათ კიბერაქტიურობას, ვხედავთ ჩინეთის დიდ ინვესტიციებს ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, როგორიც არის პორტები და ტელეკომუნიკაცია,“- ამბობს იენს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად დასავლეთი ერთიანი უნდა იყოს, რადგან საფრთხეები მზარდია. თუმცა, აქვე სტოლტენბერგი ამბობს, რომ ის ჩინეთს მტრად არ მოიაზრებს.

ნატოს წევრი ქვეყნები ასევე შეშფოთებულები არიან რუსეთის ქმედებებით და ამბობენ, რომ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის საზღვართან.

ეს პირველი სამიტია ბრიუსელში, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი ესწრება. სამიტზე, საქართველო და უკრაინა მიწვეულნი არ არიან. ეს ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG