ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შეიცვლება ისრაელის ახალი მთავრობის პირობებში?


თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, კვირას ისრაელი ახალ მთავრობას ფიცს დაადებინებს და ამით დასრულდება ნათანიაჰუს სარეკორდო 12-წლიანი მმართველობა და პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, ქვეყანას ოთხი არჩევნების ჩატარება აიძულა. 13 ივნისს, კოალიციის მიერ ინიცირებული ნდობის ვოტუმის თაობაზე, კენჭისყრაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა ნეთანიაჰუს ხანგრძლივ მმართველობას დაასრულებს.

შემდეგმა მთავრობამ, რომელსაც ულტრანაციონალისტი ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს, პირობა დადო, რომ დასახავს ახალ კურსს, რომელიც ქვეყნის შიგნით დაყოფის აღმოსაფხვრელად და ნორმალურობის შეგრძნების აღდგენისკენ იქნება მიმართული.

ნებისმიერი, უფრო ამბიციური რამ, უბედურებასთან გათამაშება იქნებოდა.

კოალიცია ისრაელის პოლიტიკური სპექტრის რვა პარტიისგან შედგება, მათ შორისაა მცირე არაბული პარტია, რომელიც ისტორიაში შევიდა იმით, რომ მთავრობას პირველად შეუერთდა. კოალიციიდან ერთი პარტიის გასვლის შემთხვევაშიც კი, მთავრობა ჩამოშლის სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება და ნეთანიაჰუ, რომელიც ოპოზიციის ლიდერობას აპირებს, ამისთვის მზად იქნება.

კოალიციას 120-წევრიან კნესეტში მცირე უმრავლესობა აქვს და მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული პარტიებისგან შედგება. ყველა პარტიამ ხელი მოაწერა კოალიციის შეთანხმებას, მაგრამ ერთადერთი რამ, რაზეც ისინი თანხმდებიან, ისაა, რომ ნეთანიაჰუმ თანამდებობა უნდა დატოვოს და ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით არჩევნების გაძლება არ შეუძლია.

მოსალოდნელია, რომ მიიღებენ ზომიერ დღის წესრიგს, რომელიც იდეოლოგიურად დაყოფილი მხარეებისთვის მისაღები იქნება და გვერდს აუვლიან დამაპირისპირებელ საკითხებს. პირველი დიდი გამოწვევა ბიუჯეტზე შეთანხმება იქნება, მას კი ეკონომიკური რეფორმების და ინფრასტრუქტურაზე ხარჯვის საკითხები მოჰყვება.

ბენეტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას პირველი ორი წლის განმავლობაში დაიკავებს და მას ყოფილი ჟურნალისტი, ცენტრისტი იაირ ლაპიდი შეცვლის, რომელიც კოალიციის შექმნის მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მთავრობა ამდენ ხანს გაძლებს.

ბენეტი რელიგიური ულტრანაციონალისტია, დასახლებების გაფართოებას ემხრობა და პალესტინურ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, მაგრამ რისკავს თანამდებობის დაკარგვას, თუ მშვიდობისმოყვარე კოალიციური პარტნიორების გაუცხოებას გამოიწვევს. ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ანექსია და ღაზაში შეჭრა სავარაუდოდ არ განიხილება, მაგრამ დღის წესრიგში არც პალესტინელების მიმართ მნიშვნელოვანი დათმობები დგას.

მოსალოდნელია, რომ ეს მთავრობა დასახლებების გაფართოებას უფრო ნაკლებად შესამჩნევი გზით გააგრძელებს, რათა ბაიდენის ადმინისტრაციის გაბრაზება თავიდან აიცილოს.

სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ ნეთანიაჰუს ირანის მიმართ მკაცრი მიდგომის პოზიციას და შეეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობას, განაახლოს საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება.

მოსალოდნელია, რომ ახალი მთავრობა ითანამშრომლებს ბაიდენთან, რათა არაბულ სახელმწიფოებთან კავშირები განმტკიცდეს.

ყველაზე დიდი გამოწვევა სავარაუდოდ, ქვეყნის შიგნით იქნება, როდესაც მთავრობა ცდილობს ისრაელის საზოგადოებაში ებრაელებსა და არაბებს შორის დაყოფა აღმოფხვრას. ისრაელის არაბი მოქალაქეები ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ და ფართო დისკრიმინაციას განიცდიან.

ამავე დროს, არავინ მოელის, რომ 71 წლის ნეთანიაჰუ, რომელსაც მისი მხარდამჭერები “ისრაელის მეფესაც” უწოდებენ, პენსიაზე ჩუმად გავა.

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ, როგორც ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტში უდიდესი პარტიის ხელმძღვანელი, გააგრძელებს ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ მთავრობა დაშალოს. მისთვის საუკეთესო ვარიანტია, სერიოზულ კორუფციაში ბრალდებებით მსჯავრის დადებას, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან ებრძოლოს.

ნეთნიაჰუს გამოწვევები საკუთარ პარტიაში, შესაძლო მემკვიდრეებისგანაც აქვს, მაგრამ ის პარტიის ინსტიტუტებზე და წევრებზე ძლიერ გავლენას ინარჩუნებს და ნაკლებად სავარაუდოა, პარტიის ზედა ფენა ნეთანიაჰუს დაუპირისპირდეს, თუ მისი დაცემა გარანტირებული არ იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG