ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 წლიანი მმართველობის შემდეგ ნეთანიაჰუს, სავარაუდოდ, ნაფტალი ბენეტი შეცვლის 


ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 12 წლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, შესაძლოა ბენიამინ ნეთანიაჰუ ნაფტალი ბენეტმა შეცვალოს. 49 წლის, ამერიკელი იმიგრანტების შვილი მულტიმილიონერია და ის ნეთანიაჰუს ყოფილი მოკავშირეა.

ცვლილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისრაელში კოალიციურ მმართველობაზე შეთანხმება 2 ივნისამდე მოხდება. 4 კვირიანი ვადა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა როვენ რივლინმა დააწესა შეთანხმებისთვის, ოთხშაბათს იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისრაელში რიგით მეხუთე ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ პოლიტიკური პროცესი უფრო ინტენსიური გახდა. მოაპარაკებები იაირ ლაპიდსა და ნაფტალი ბენეტს შორის კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ბოლო დღეებია მიმდინარეობს. არსებობს ინფორმაცია, რომ ცენტრისტებსა და ულტრანაციონალისტებს შორის შეთანხმება შედგება და ახალი პრემიერი ბენეტი იქნება. ბენეტს მიაჩნია, რომ ისრაელის მთავრობა სრულად უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და კოალიცია აუცილებელია.

ისრაელის პრესა წერს, რომა რსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ნეთანიაჯუს პრემიერის პოსტზე ნაფტალი ბენეტი დაიკავებს შემდეგ კი ის თანამდებობას იაირ ლაპიდს გადააბარებს.

მოლაპარაკება, რომელიც მემარჯვენეებს, მემარცხენეებსა და ცენტრისტებს შორის მიმდინარეობს, მოქმედ პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშფოთებს. ის ამბობს, რომ ასეთი ტიპის მთავრობა „ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს საფრთხეს უქმნის“.

ბენეტს მიაჩნია, რომ ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია უნდა მოახდინოს. თავის დროზე კი ამბობდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელისთვის, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თვითმკვლელობა იქნებოდა.

ბენეტს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს და ის ისრაელში დაიბადა. ისევე როგორც ნეთანიაჰუ, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად. წლების განმავლობაში ბენეტი ნეთანიაჰუს გუნდის წევრი იყო.

4 კვირიანი ვადა პრეზიდენტმა მას შემდეგ დააწესა, რაც ქვეყანაში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნების შემდეგ, კვლავ ვერ მოხერხდა მთავრობის დაკომპლექტება და პარტიებს შორის შეთანხმება.

პრეზიდენტმა რივლინმა ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა მოქმედმა პრემიერმა ეს ვერ შეძლო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ეს დავალება პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერ იაირ ლაპიდს მისცა, რომლმაც საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ადგილი დაიკავა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ 2009 წლის შემდეგ იკავებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. მანამდე ის ისრაელის მთავრობას 1996 წელს ხელმღვანელობდა. ნეთანიაჰუ 71 წლის არის და მოსახლეობაში მის მიმართ ნდობა წლებია მცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG