საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" მთავარი რედაქტორი ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ღაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშით ისრაელმა შენობა გაანადგურა, სადაც „ასოშეიტედ პრესის“, „ალ-ჯაზირასა“ და სხვა მედიასაშუალებების ოფისები იყო განთავსებული. სააგენტოს მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ საზოგადოება მომხდარის შესახებ ფაქტების ცოდნას იმსახურებს.
ამავე ფაქტზე გამოძიების დაწყებას ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს. მედიის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა შესაძლოა ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
„ასოშეიტედ პრესის“ აღმასრულებელი რედაქტორი, სალი ბუზბი აცხადებს, რომ ისრაელს 12 სართულიანი „ალ-ჯაზირას“ შენობის განადგურების შესახებ მტკიცებულებები არ წარუდგენია.
ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასი შენობას სამხედრო დაზვერვის მიზნებისთვის იყენებდა. საჰაერო იერიშამდე, ოფიციალურმა თელ-ავივმა მედიაორგანიზაციებს შენობის ევაკუაციისთვის ერთი საათი მისცა.
„ჩვენ ბრძოლის შუაგულში ვართ. დარწმუნებული ვარ, ინფორმაცია დროულად იქნება წარმოდგენილი“ - აცხადებს ისრაელის სამხედრო უწყების სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონათან კონრიკუსი.
კონრიკუსის თქმით, მტკიცეულებების შეგორვება და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მოწოდება იგეგმებოდა. მომავალში მტკიცებულებების გაზიარების შესახებ საუბრობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს შეუძლია დაადასტუროს შენობასთან ჰამასის კავშირები.
„ასოშეიტედ პრესის“ აღმასრულებელი რედაქტორი კი აცხადებს, რომ შენობაში სააგენტო 15 წლის განმავლობაში იყო განთავსებული და მედიას რაიმე ინფრომაცია ჰამასთან კავშირების შესსახებ არ ჰქონია.
„ჩვენ კონფლიქტური ვითარებაში ვართ. ამ კონფლიქტში მხარეებს არ ვირჩევთ. როგორც გვესმის, ისრაელი ამბობს, რომ მტკიცებულებები აქვთ. მაგრამ, ამ მტკიცებულებების შესახებ არაფერი ვიცით. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი გამოძიება აუცილებელია“ - აცხადებს ბუზბი.
გასულ შაბათს, „ასოშეიტედ პრესის“ პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ ურევი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონებში რეპორტიორების მუშაობა.
Facebook Forum