კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის წარმატებული პროგრამის წყალობით, ბრიტანეთი თვეობით გაგრძელებული საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას იწყებს. ორშაბათიდან ინგლისში ყველა ბარს და რესტორანს შეეძლება გახსნა. ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 68 პროცენტი, 38 მილიონი ადამიანი ერთი დოზით მაინცაა აცრილი. იმუნიზაცია ორივე დოზით 19 მილიონ ბრიტანელს ჩაუტარდა.
გარკვეული სახით შეზღუდვები მაინც შენარჩუნდება სასტუმროებში, თეატრებში და მუზეუმებში, თუმცა ზომები იქაც შემსუბუქდება. ბრიტანელები უკვე ზეიმობენ ნიღბების მოხსნის და ერთმანეთთან ისევ ჩახუტების შესაძლებლობას.
სოციალური დისტანცირების წესი ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მოქმედებდა. ქვეყანას ევროპაში ყველაზე მეტი სიკვდილობის მონაცემი აქვს, თითქმის 128 000.
ბოლო დღეებში კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის ფაქტები ერთნიშნა ციფრებში აღინიშნება. ეს მაშინ, როცა ახალი ვარიანტის გავრცელების შემდეგ დაწყებული მეორე ტალღის პერიოდში, იყო დღეები, როცა სიკვდილობა დღეში 1 447-ს შეადგენდა.
დადასტურებულად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ახლა საშუალოდ 2 ათასია. ზამთარში ეს მონაცემი 70 000 იყო.
დღეისთვის ლონდონის შეშფოთება უმეტესად ინდოეთში გამოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტებს უკავშირდება. ბრიტანელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის მალე დომინანტური გახდება.
Facebook Forum