ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს შუამავლობით, კვიპროსის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები იწყება


იწყება გაეროს შუამავლობით მოწყობილი მოლაპარაკებები იმისთვის, რომ სცადონ და კვლავ გააერთიანონ კუნძული კვიპროსი, რომელიც 1974 წლიდან ბერძენ და თურქ კვიპროსელებს შორისაა გაყოფილი. გაყოფა მაშინ მოხდა, როდესაც კუნძულზე საბერძნეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო პუტჩის საპასუხოდ, თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსში შეიჭრა.

ბერძენი და თურქი კვიპროსელების ლიდერები, ასევე სამი გარანტორი ქვეყნის, საბერძნეთის, თურქეთის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მომავალ დღეებში ე.წ. არაფორმალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ეს შეხვედრა, ასე ვთქვათ “ნიადაგის მოსასინჯად” მოიწვია. მისმა პრეს-მდივანმა სტეფან დუჯარიკმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანი იმის გარკვევაა, არსებობს, თუ არა საერთო ნიადაგი იმისთვის, რომ თვალმისაწვდომ მომავალში, მხარეებმა კვიპროსის საკითხის ხანგამძლე გადაწყვეტას მიაღწიონ.

პრეს-მდივანმა თქვა, რომ სამშაბათ შუადღეს, გუტერეში ორი თემის ლიდერებთან ცალ-ცალკე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საღამოს კი დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის გამართულ მიღებას უმასპინძლებს.

ოთხშაბათ დილით, გუტერეში ხუთივე მხარის პლენარულ შეხვედრას უმასპინძლებს, რასაც ორმხრივი შეხვედრები მოჰყვება.

2004 წლიდან კვიპროსის გაერთიანება სამჯერ სცადეს, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბოლო მცდელობა 2017 წლის ივლისში, გუტერეშის მიერ თანამდებობის დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა.

გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა თქვა, რომ გუტერეშს მოლაპარაკების შედეგის წინასწარ განსჯა არ სურს, ის ამ საკითხს კარგად იცნობს და მსჯელობებში ადრეც მონაწილეობდა. დუჯარიკმა თქვა, რომ გენერალური მდივანი არც ფრთხილად ოპტიმისტურად და არც პესიმისტურად არ არის განწყობილი, ის საკითხს რეალისტურად უყურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG