ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენი ხანი დაგვიცავს კოვიდ-19-ის ვაქცინა?


ექსპერტებმა დანამდვილებით ჯერ არ იციან, რამდენი ხანი გასტანს ვაქცინით უზრუნველყოფილი დაცვა. ამის დასადგენად სპეციალისტები ვაქცინირებულ ადამიანებს იკვლევენ. ასევე, კვლევის საგანია, რამდენად ეფექტიანია ვაქცინები კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტების მიმართ, რაც ასევე განსზღვრავს აცრის საჭირო რაოდენობას - რამდენად ხშირი შეიძლება იყოს იმუნიზაცია.

„ჩვენ უნდა შევიწავლოთ ვაქცინირებული ადამიანები, რათა დავადგინოთ, რა ეტაპზე ხდება ადამიანი ვირუსის მიმართ კვლავ დაუცველი“ - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინების მკვლევარი, დებორა ფულერი.

„პფაიზერის“ მიმდინარე კვლევა აჩვენებს, რომ ამ მწარმოებლის ორი დოზა ვაქცინა ძალზედ ეფექტური მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაშია, სავარაუდოდ უფრო მეტ ხანსაც კი.

ამასთან, ადამიანებს, რომლებმაც „მოდერნას“ ვაქცინა მიიღეს, მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ კვლავ ჰქონდათ ვირუსთან მებრძოლი ანტისხეულები.

მაგრამ, ანტისხეულები ორგანიზმის იმუნიტეტზე სრულ ისტორიას ვერ ყვება. ვირუსის მსგავსი თავდამსხმელების წინააღმდეგ, იმუნურ სისტემას დაცვის კიდევ ერთი ხაზი აქვს - B და T უჯრედები, რომელთაგან ბევრი ანტისხეულების გაქრობის შემდეგაც შეიძლება დარჩეს. თუ ისინი ნაცნობ ვირუსსს კვლავ შეხვდებიან, ამ უკვე გამოცდილმა უჯერდებმა მის წინააღმდეგ შეიძლება სწრაფად იმოქმედონ.

ამ ეტაპზე სპეციალისტები ამბობენ, რომ კოვიდ-19-ზე აცრამ დაავადების სრულად აღკვეთა რომც ვერ შეძლოს, მას შეამსუბუქებს მაინც. საბოლოო ჯამში, ვაქცინების გამოგონებიდან ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ხანს გასტანს B და T უჯრედებით მინიჭებული დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კოვიდ-19-ის ვაქცინები დაცვას 6 თვიდან დაახლოებით ერთ წლამდე უზრუნველყოფს, არც ისაა გამორიცხული, რომ მათ ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ მთელი ცხოვრება დაიცვან, ისევე როგორც წითელას ვაქცინამ - ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის ვაქცინების ექსპერტი, კეთლინ ნეუზილი.

მთავარ პრობლემად ახლა ვირუსის შემდგომი გავრცელება და ახალი ვარიანტები რჩება. ეს შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ დამატებითი, მესამე დოზით აცრა გახდეს საჭირო. ამჟამინდელი ვაქცინები, კორონავირუსის კონკრეტული ცილოვანი წაწვეტების, ე.წ. სპაიკის წინააღმდეგ სამუშაოდ შეიქმნა. თუ ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, მაშინ შესაძლოა ვაქცინის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მისი განახლება გახდეს საჭირო - ამბობს ემორის უნივერსიტეტის ვაქცინის ცენტრის წარმომადგენელი, მეჰულ სუტარი.

ჯერჯერობით, დასავლეთში დამტკიცებული ვაქცინები აქამდე აღმოჩენილი ვარიაციისგან საკმარისად გვიცავს. მართალია ზოგისგან ოდნავ ნაკლებად, როგორიცაა მაგალითად პირველად სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი ვარიანტი, ვიდრე კორონავირუსის სარს-კოვ-2 ორიგინალური ვერსიისგან, მაგრამ აცრა ამ ეტაპზე მაინც საკმარის დაცვას წარმოადგენს.

მესამე დოზის საჭიროება კი მთელ მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის წარმატებულობაზეცაა დამოკიდებული. თუ ვაქცინაციით ვირუსის შემდგომი გადაცემა-გავრცელება შეიზღუდა, კორონავირუსის ახალი ვარიაციების და მუტაციების რაოდენობაც შემცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG