ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებთან ერთად ავღანეთს ქართველი ჯარისკაცებიც დატოვებენ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში მყოფი უცხოეთის ჯარები ქვეყანას სექტემბერში დატოვებენ. საუბარია 7 000 სამხედროზე, რომლებიც ავღანეთში მოქმედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიაში მსახურობენ.

გადაწყვეტილება, რომელიც ხანგძლივი განხილვის შემდეგ იქნა მიღებული, შეეხება ქართველ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სამხედროებსაც, რომლებიც ნატოს ეგიდით მოქმედ მისიაში უკვე წლებია არიან ჩართულნი. ნატოს არაწევრი ქვეყნის სამხედროების რაოდენობა 7 000-მდეა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კი 2 500-ს აღწევს.

უცხო ქვეყნების ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ბრიუსელში საჯაროდ დღეს გამოცხადდა. ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება კი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გუშინ გახდა ცნობილი. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ. ყველაზე ხანგძლივი ომი 20 წლის თავზე სრულდება. მისია ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში მყოფი უცხო ქვეყნის სამხედროების უსაფრთხოებასა და საჰაერო მხარდაჭერას ამერიკის საჰაერო ძალები უზრუნველყოფს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მისია ყველამ ერთად დაიწყო და ახლა დადგა დრო, ის ყველამ ერთად დაასრულოს.

"მე აქ ვარ, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან და ერთად დავტოვოთ ავღანეთი ისე, როგორც ერთად შევედით,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ნატოს ამჟამინდელი მისიის "მტკიცე მხარდაჭერის" განუყოფელი ნაწილია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადება და აღჭურვა ისლამისტი თალიბანის წინააღმდეგ.

არაამერიკელი სამხედროების რაოდენობა ავღანეთში ყველაზე მაღალი 2008 წელს იყო, მაშინ მისიაში 40 000 ევროპის, კანადის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG