საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა. სატელეფონო საუბარი მხარეებს შორის დღეს შედგა. "ტვიტერზე" მინისტრ ზალკალიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითები იყო განხილული.
“სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად", - აღნიშნავს ზალკალიანი.
ეს პირველი კომუნიკაციაა ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ამ დრომდე გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია.
Facebook Forum