ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდსიტუაცია მსოფლიოში: ვაქცინაციის ტემპების ზრდა და ახალი ტალღის მოლოდინი


ხანდაზმული იაპონელი მადლობას იხდის აცრისთვის
ხანდაზმული იაპონელი მადლობას იხდის აცრისთვის

კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურდება. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ 10 აპრილისთვის მათ 237.8 მილიონამდე ვაქცინის დოზის დისტრიბუცია შეძლეს. თითო დოზით ამერიკაში უკვე აცრილია 118 მილიონამდე ადამიანი, აქედან 70.6 მილიონზე მეტი კი სრულად აიცრა.

თუმცა, ვაშინგტონში შიშობენ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არ არის და ის მაინც გაზრდის ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს. პრობლემა იმაშია, რომ ეპიდსიტუაცია ყველა შტატში ერთნაირად არ კონტროლდება და ზოგმა შტატმა უკვე მოხსნა ნიღბის სავალდებულო ტარების რეგულაცია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის 10 აპრილის მონაცემებით, ქვეყანამ კოვიდ-19-ის ვაქცინის 164.4 მილიონი დოზის დისტრიბუცია მოახერხა. აქედან ვაქცინაციის ცენტრებს მარტო ბოლო კვირაში 25.5 მილიონი დოზა მიეწოდა, რაც ვაქცინის მიწოდებაში მკვეთრ აჩქარებაზე მიუთითებს. გასულ კვირაში პეკინმა განაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე ისინი კორონავირუსის ვაქცინის 3 მილიარდამდე დოზის წარმოებას მოელიან.

თუმცა, ვაქცინაციის პროცესში, ჩინური ვაქცინების "არც ისე მაღალი" ეფექტურობის გამო, ქვეყანაში წარმოებული ვაქცინების ერთმანეთში შერევასაც განიხილავენ. ვაქცინებს "არ აქვთ დაცვის საკმარისად მაღალი მაჩვენებლები" - თქვა ჟაო ფუმ, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჩინური ვაქცინები ეფექტურობის თვალსაზრისით "ფაიზერს" და "მოდერნას" შესამჩნევად ჩამორჩება, მაგრამ სანაცვლოდ, ტემპერატურის კონტროლს ნაკლებად მოითხოვს, ამიტომ უცხოეთის ქვეყნები მათ იმპორტირებას მაინც აგრძელებენ.

ევროკავშირი ვაქცინაციის ტემპებით ამერიკას, ჩინეთს, ბრიტანეთს და ისრაელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. კორონავირუსის მესამე ტალღასთან გამკლავების მიზნით, ბრიტანეთის მსგავსად, რამდენიმე ქვეყანაში ხშირი ტესტირების სტრატეგიას ირჩევენ. გერმანიაში დღეს წყდება, გახადონ თუ არა სავალდებულო მთავრობის თანამშრომელთა რეგულარული ტესტირება. შეერთებული შტატების მსგავსად, გერმანიაშიც პანდემიის ცენტრალიზებული მართვის პრობლემაა.

საფრანგეთის ინტენსიური თერაპიის პალატებში კოვიდ-პაციენტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. კვირას კოვიდ-19-ის დიაგნოზით ქვეყანაში 5 838 პაციენტი აღირიცხა, მაშინ როცა შაბათის მონაცემებით, მათი რაოდენობა 5 769 იყო. კვირასვე, ერთ დღეში, დადასტურებულად ინფიცირების დამატებით 34 895 შემთხვევა აღირიცხა.

კვირას ინფიცირების ყველაზე მეტი, რეკორდული შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთში, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერ კიდევ მეორე ტალღასთან გამკლავებას ცდილობენ. ერთ დღეში იქ 152 879 დადასტურებულად ინფიცირებული აღრიცხეს. გარდაცვლილთა რიცხვი კი დღეში 839-ზე ავიდა, რაც ბოლო 5 თვის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინდოეთი 13.35 მილიონი ინფიცირებულით, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია, მეორეზე - ბრაზილია.

განსხვავებული სიტუაციაა იაპონიაში, სადაც ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის გეგმა კვლავ ძალაში რჩება. იქ პანდემიის ახალ ტალღას რიგით უკვე მეოთხედ თვლიან. იაპონიაში დღეიდან "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინით 65 წლის ზევით ადამიანთა აცრა დაიწყეს. პრემიერ-მინისტრმა იოშიდე სუგამ ვაქცინაციის ცენტრები თავად მოინახულა და თქვა, რომ ივნისის ბოლომდე 100 მილიონამდე ვაქცინის დოზის იმპორტირებას ელის, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ქვეყნის ასაკოვანი მოსახლეობა მთლიანად, ორივე დოზით აიცრას.

კოვიდსიტუაცია რთულდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, პოლონეთში და რუსეთში. მარტო მოსკოვში კვირას 2 ათასზე მეტი ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, მთლიანად რუსეთში კი - 9 ათასამდე. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გართულებით იქ 337 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 102 986. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 4.6 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

გლობალურად, მთელ მსოფლიოში პანდემიამ 2 951 955 ადამიანი შეიწირა. დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი 136.7 მილიონს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG