ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ატომურ ობიექტზე ენერგიის სრულ გათიშვაში ბრალს ისრაელს სდებს


ირანი თავის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტ ნათანზში ელექტროენერგიის სრულ გათიშვას ისრაელს აბრალებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგები დაზიანდა და ირანი ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის.

ირანის ბირთვული დარგის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ კვირას მომხდარ ინციდენტს “ბირთვული ტერორიზმის” აქტი უწოდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, მან თქვა: “ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯის დაგმობასთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ამ ბირთვულ ტერორიზმს დაუპირისპირდნენ”.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც ირანის ატომურ პროგრამას აკვირდება, კვირას განაცხადა, რომ სააგენტოსთვის ვითარება ცნობილია და მის განვითარებას აკვირდება, თუმცა დეტალებზე არაფერი უთქვამს.

დაზვერვის ორ ოფიცერზე დაყრდნობით, რომლებსაც მიყენებულ ზიანზე ინფორმაცია აქვთ მიღებული, “ნიუ-იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა, რომ ინციდენტმა ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს მძიმე დარტყმა მიაყენა, ნათანზის ობიექტის აღდგენას კი ცხრა თვემდე დასჭირდება.

“ნიუ-იორკ თაიმსს” ცნობით, შეერთებული შტატების და ისრაელის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ენერგიის გათიშვაში ისრაელს წვლილი მიუძღვოდა. კვირას ისრაელის რამდენიმე მედია საშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ენერგიის გათიშვის უკან შესაძლოა ისრაელი ყოფილიყო და ეს შესაძლოა კიბერ-თავდასხმა იყო.

ენერგიის გათიშვა იმ დროს მოხდა, როდესაც ამ კვირაში, შეერთებულ შტატებს და ირანს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მცდელობის მიზნით, არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა ჰქონდეთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG