3 აპრილს, ციფრული უსაფრთხოების მკვლევარმა ალონ გალმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გასულ უქმეებზე, „ფეისბუქის“ 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ინტერნეტში უფასოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომად იდო. ჰაკერების ფორუმზე გამოქვეყნებულ მასალაში ეწერა: „მე მაქვს „ფეისბუქის“ 533 მილიონი ჩანაწერი“ და შემდეგ მოდიოდა ანბანის მიხედვით ქვეყნები და მომხმარებელთა რაოდენობა თითოეულ მათგანში. ავტორი დაინტერესების შემთხვევაში, პირად საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებდა.
ფოტოებზე ჩანს, რომ მაგალითად, ბრაზილიაში ხელმისაწვდომია 8 მილიონზე მეტი ადამიანის ინფორმაცია; ბელგიიდან - 3.1 მილიონის; ალჟირიდან - 11.5 მილიონის, ავსტრალიიდან - 7.3 მილიონის და ა.შ. შეერთებული შტატებიდან 32 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოქვეყნდა, 11 მილიონი კი - ბრიტანეთიდან.
იმ დღესვე გამოცემა „ბიზნეს-ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც მომხდარს დეტალურად აღწერდა. ჯამში, საუბარია 106 ქვეყნის მოქალაქეთა მონაცემებზე, მათ შორისა: სრული სახელები და გვარები, მისამართები, დაბადების თარიღები, ტელეფონის ნომრები, მშობლიური ქალაქები თუ წარსულში სხვა საცხოვრებელი ადგილები. ასევე მოპარულია ელექტრონული მისამართები, ბიოგრაფიები, ოჯახური მდგომარეობის ამსახველი სტატუსები და სხვა ინფორმაცია.
„ფეისბუქმა“ 6 აპრილს პასუხად განაცხადა, რომ ეს იგივე გაჟონილი ინფორმაციაა, რომელიც პირველად 2019 წელს დააფიქსირეს. პასუხში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურმა ქსელმა მომხდარზე უკვე იზრუნა და შეცდომა გამოასწორა. თუ ეს ასეა, ჩნდება ეჭვი, რომ პრობლემა თავის დროზე ბოლომდე არ ამოწურულა, რადგან ჩვენი პირადი მონაცემები ასე საჯაროდ არ უნდა ქვეყნდებოდეს.
„ფეისბუქის“ ერთ-ერთმა დირექტორმა, მაიკ კლარკმა ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს: „მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ეს ბოროტი ზრახვების მქონე აქტორების მიერ 2019 წლის სექტემბრამდე მოპოვებული მონაცემებიდან გადმოწერილი ინფორმაციაა და არა ჰაკერების მიერ ჩვენი სისტემების გატეხვით, ჩვენი პლატფორმიდან ამოღებული მონაცემები“.
შემდეგ ის განმარტავს, რომ მათი აზრით, 2019 წლის სექტემბრამდე მომხდარ ინციდენტში, მოქმედმა აქტორებმა ე.წ. კონტაქტების იმპორტიორის საშუალებით ამოწერეს მომხმარებელთა მონაცემები. ამ პროგრამის მეშვეობით, „ფეისბუქი“ მომხმარებლებს მეგობრების პოვნაში და ახალი კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა. თუმცა, როგორც კი კომპანიაში შეიტყვეს პროგრამის მათ გარეშე გამოყენების ინციდენტზე, სასწრაფო ცვლილებები განახორციელეს, რომ მომავალში იგივე არ განმეორებულიყო.
მაგრამ, „ფეისბუქის“ განმარტება და განსაკუთრებით, 2019 წლის სექტემბრის მითითება, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. საქმე იმაშია, რომ სწორედ ორი წლის წინ მოაწერა „ფეისბუქმა“ ხელი ხელშეკრულებას შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან, რომელიც ამერიკაში კონკურენციის საზედამხედველო ორგანოსაც წარმოადგენს.
აღნიშნული ხელშეკრულება სოციალურ ქსელს იმუნიტეტს ანიჭებს 2019 წლის ივნისამდე მომხდარ გაჟონვებზე, მაგრამ - არა მის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ფეისბუქს“ შეიძლება მილიარდობით დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესდეს.
მომხდარს უკვე იძიებს ირლანდია და ვითარებას სავარაუდოდ, სულ ცოტა, ევროკავშირის მარეგულირებელიც გადაამოწმებს. კერძო ციფრულ მონაცემთა დაცვის რეგულაცია ევროპის კავშირმა 2018 წლის მაისში მიიღო. თუ გაჟონვა ამის შემდეგ მოხდა და მისი კავშირი 2019 წლის გაჟონვასთან არ დადასტურდა, „ფეისბუქს“ ევროპის კონტინენტზე დიდი ჯარიმები ელის, რადგან მან დროულად, 72 საათის განმავლობაში არ შეატყობინა ევროპელ რეგულატორებს.
კომპანია „ფეისბუქი“ იმასაც ამტკიცებს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები ძალზე ლიმიტირებულია. მაიკ კლარკი თავის ბლოგში წერს, რომ „ის არ შეიცავს ფინანსურ ინფორმაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს ან პაროლებს“.
3 წლით ადრე, 2016 წელს, „ფეისბუქის“ მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გაჟონვა მოხდა. კომპანიამ „კემბრიჯ ანალიტიკა“ მაშინ 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები უკანონოდ მოიპოვა, რომელთა საშუალებითაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკის მოქალაქეებზე მიზნობრივი პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. „კემბრიჯ ანალიტიკას“ კვალი იკვეთება ბრექსიტის (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების) რეფერენდუმის მოსამზადებელ კამპანიაშიც.
„ფეისბუქი“ 2021 წელს კვლავ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სოციალურ ქსელად რჩება. მას დღეს დაახლოებით 2.8 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. აქედან 1.8 მილიარდი ქსელს ყოველდღიურად აქტიურად მოიხმარს. ეს ნიშნავს, რომ 1.8 მილიარდი ადამიანი ყოველდღიურად თუ „ფეისბუქს“ არა, მის რომელიმე სხვა პლატფორმას იყენებს, რომელთა შორისაა „ინსტაგრამი“, „მესენჯერი“ და „უოტსაპი“. ამასთან, გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ასაკი საკმაოდ ახალგაზრდაა, 65%-ის ასაკი 35 წელს არ აღემატება.
სხვა სოციალურ ქსელებს შორის, „ფეისბუქის“ მომხმარებელთა წილი 59%-ს შეადგენს. ამერიკაში მას ყოველი 10-დან 6 ადამიანი იყენებს, 12 წლის ზევით მოქალაქეთა - 63%. „ფეისბუქის“ ამერიკელ მომხმარებელთა შორის 74%-ის ასაკი 35-დან 54 წლამდე ჯგუფში ხვდება.
Facebook Forum