ახალი ამბების სააგენტო "როიტერი", წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოფიციალური პირები ვაშინგტონიდან და თეირანიდან, მომავალ კვირაში ვენაში ჩადიან. ისინი 2015 წელს ირანთან დადებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრებენ. თუმცა, მხარეები პირისპირ მოლაპარაკებებს არ გამართავენ.
პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშეც, რომელზეც ირანი უარს აცხადებს, ორივეს - ირანს და შეერთებულ შტატებს - ავსტრიის დედაქალაქში ყოფნა გზას უხსნის, შეთანხმების განახლებაზე საუბარი დაიწყონ - ამბობენ ევროკავშირში.
მიზანი ორ თვეში შეთანხმების მიღწევაა, აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლები.
ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმება 2018 წელს დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. თეირანმა საპასუხოდ, შეთანხმების პირობების დარღვევა დაიწყო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ შეთანხმება გააცოცხლოს, თუმცა ვაშინგტონი და თეირანი ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.
მოლაპარაკებები შეეხება სანქციების სიასაც, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა თეირანს მოუხსნას, თუ ირანი გარკვეულ ბირთვულ ვალდებულებებს შეასრულებს, - აცხადებენ ევროკავშირში.
2015 წლის შეთანხმების ხელმომწერთა შორის არიან ირანი, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებმა 2 აპრილს ვირტუალური შეხვედრა გამართეს შეთანხმების მომავალზე სასაუბროდ.
შეთანხმებაზე დაფუძნებით, 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა თეირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ეს თეირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ მოხდა, რაც ართულებს ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობას, რის მცდელობასაც ირანი უარყოფს.
Facebook Forum