გერმანიამ ოქსფორდის ასტრა-ზენეკას კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენება 60 წელზე ზემოთ ასაკის ჯგუფებზე განსაზღვრა. ამ გადაწყვეტილების მიზანი შეშფოთებაა, რომ ვაქცინა შესაძლოა თრომბს იწვევდეს.
ფედერალურმა და შტატის ჯანდაცვის ორგანოებმა მიზეზად თრომბის 30-მდე შემთხვევა დაასახელეს, ე.წ. ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი. ქვეყნის სამედიცინო რეგულატორმა განაცხადა, რომ შემთხვევების უმეტესობა, ორის გარდა, 20-63 წლის ქალებს განუვითარდათ.
გადაწყვეტილება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს. რეკომენდაციები კი სფეროს სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა შეიმუშავა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიღებული გადაწყვეტილების გამო, ანგელა მერკელმა, ქვეყნის კანცლერმა, საგანგებო შეხვედრა მოიწვია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.
ასტრა-ზენეკას ვაქცინის გამოყენების შეზღუდვა გერმანიაში უკვე მეორედ ხდება. ქვეყანამ ასტრა-ზენეკას ვაქცინის გამოყენება 2 კვირის წინ განაახლა, მას შემდეგ, რაც ვაქცინა ევროპულმა მარეგულირებელმა შეამოწმა და დაადგინა, რომ ის უსაფრთხოა. მეტიც, მარეგულირებელმა მაშინ თქვა, რომ ვაქცინის დადებითი მხარეები უარყოფითს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
ამ დრომდე, ვაქცინით 2.7 მილიონი გერმანელი აიცრა. ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფ ახალგაზრდებს კვლავ შეუძლიათ ამ ვაქცინის მიღება, ხოლო 60 წლამდე პირები, რომლებმაც პირველი დოზა მიიღეს, მეორესაც მიიღებენ.
გადაწვეტილება კიდევ უფრო შეანელებს გერმანიის ვაქცინაციის კამპანიას, და ასტრა-ზენეკას ვაქცინისთვის, რომელიც ბევრი გამოწვევის წინაშეა, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, ვაქცინის გამოყენება თრომბის მიზეზებით შეაჩერა, თუმცა ასტრა-ზენეკათი ვაქცინაცია მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ევროპის მედიცინის სააგენტომ თქვა, რომ ის უსაფრთხო იყო.
Facebook Forum