ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიელსონი - "მაგიდასთან არ იყო მზაობა კომპრომისის მისაღწევად"


შვიდსაათიანი მოლაპარაკებები მორიგი და საბოლოო რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. კრისტიან დანიელსონმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მოლაპარაკების "მაგიდასთან კომრომისის მისაღწევად მზაობა არ იყო."

"სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო რაღაც ელემენტები, რომლებზეც იყო მიღწეული თანხმობა - საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები და ამ პოზიტიური მიმართებით გაგრძელდება მუშაობა.

საბოლოო ჯამში, დასავლელი პარტნიორები აქ არ არიან იმისთვის, რომ პარტიებს გადაწყვეტილებები მოახვიონ თავს, ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი მედიაციაა და მხარეები უნდა წავიდნენ კომპრომისზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. კომპრომისი სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს კომპრომისები სჭირდება, განსაკუთრებით ხელისუფლებისაში მყოფი პარტიისთვის და რა თქმა უნდა, მაღალ ამბიციებს დიდი პასუხისმგებლობა ახლავს.

სამწუხაროდ, მაგიდასთან არ იყო მზაობა კომპრომისის მიღწევისთის. ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება გადადგმული." - განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ესმის, მოქალაქეების მოლოდინი პროცესის მიმართ და მათი ფრუსტრაცია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ხაზგასმით ისაუბრა მოლაპარაკებების პროცესში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დადებით როლზე.

"არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს და მედიას ჰქონდა პროცესის გაშუქების ძალიან მაღალი დონე და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერეი სამოქალაქო საზოგადოება ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელი გადაფურცლოს და წინ წავიდეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე, ამ გზაზე." - განაცხადა მედიატორმა.

XS
SM
MD
LG