ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ბაიდენს მოუწოდებენ "ჩრდილოეთის ნაკად-2"-ზე სანქციები დააჩქაროს


ორი დემოკრატი სენატორი ჯო ბაიდენს სთხოვს მაქსიმალურად გამოიყენოს პრეზიდენტის ხელთ არსებული დიპლომატიური ბერკეტები, რათა შეწყდეს "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობა. ესენი არიან ბობ მენენდესი, სენატის საგარეო კომიტეტის გავლენიანი თავმჯდომარე და ჯინ შაჰინი, რომელიც იმავე კომიტეტში ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.

გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ბუნებრივ აირს რუსეთიდან ევროპას, უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის. დემოკრატმა სენატორებმა აღნიშნული თხოვნით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც მიმართეს. "ეს მილსადენი უნდა შეჩერდეს და ამ მიმართულებით თქვენი წინამძღოლობაა საჭირო" - ნათქვამია სენატორების წერილში.

"ვითხოვთ "ჩრდილოეთის ნაკად-2"-ის შესაჩერებლად გამიზნული სანქციების დაჩქარებას, რასაც ახლა სიტუაცია მოითხოვს" - აცხადებენ სენატორები მენენდესი და შაჰინი. ისინი აფრთხილებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ თუ ის გადამწყვეტ ზომებს არ მიმართავს, მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე მუშაობაში გერმანიაც არის ჩართული. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების 94% უკვე დასრულებულია და სპეციალისტების აზრით, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში ის ექსპლუატაციისთვის მზად იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG