ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ქალების ბრძოლა დემოკრატიისთვის


„თეთრებში გამოწყობილმა ბელარუსმა ქალებმა მსოფლიოს დემოკრატიული ბრძოლისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს“ - ასე აფასებენ ამერიკელი კანონმდებლები ბელარუსი ქალების როლს საპროტესტო მოძრაობისა და პროცესების ლიდერობაში.

ამერიკის კონგრესში ოპოზიციის ამ ქალი ლიდერების პატივსაცემად და მათი როლის აღსანიშნად სპეციალური მოსმენა გაიმართა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია წარდგა.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის ლიდერიცაა, გამხსნელ სიტყვაში გასულ წელს ბელარუსში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების დღემდე ლუკაშენკოს მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდნენ ან ციხეში ან იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. არჩევნები კი საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, სახელმწიფო მედიის კონტროლის, შიშისა და დაშინების ატმოსფეროში გაიმართა.

ეუთოს მონაცემებით, ბელარუსმა ლიდერებმა სულ მცირე 141 პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აღძრეს ქალების წინააღმდეგ. 49 ქალი ახლა ციხეში ან შინაპატიმრობაშია. კიდევ 75 - სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნეა, ათასობით სხვა ქალმა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა... თეთრებში ჩაცმული ბელარუსი  ქალების სურათი არის უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო ბელარუსის ყველა მოქალაქისთვის,
- კონგრესმენი ქრის სმითი

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. სვიატლანა ციხანუსკაიამ მისი მეუღლის, დაპატიმრებული პოლიტიკური აქტივისტისა და ბლოგერის, სერგეი ციხანუსკის ნაცვლად იყარა კენჭი და ოპოზიციის ლიდერი გახდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმათა 80% ლუკაშენკომ, 10% კი - ციხანუსკაიამ მიიღეს. სწორედ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები. ოპოზიციის ლიდერს არჩევნების შემდეგ მალევე ქვეყნის დატოვება მოუხდა და თავი ლიეტუვას შეაფარა. დასავლეთი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ ლიდერად არ აღიარებს.

„დამოუკიდებელი წყაროები აცხადებენ, რომ სვიატლანა ციხანუსკაიამ მოქმედ პრეზიდენტზე მეტი ხმები მოიპოვა. არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ბელარუსი ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა და ლუკაშენკოს არ შეეძლო თავი გამარჯვებულად გამოეცხადებინა“, - ამბობს კონგრესმენი კიტინგი.

თუმცა ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, გასაიდუმლოებულ ცერემონიაზე პრეზიდენტის ფიცი მეექვსედ დადო და ამით, როგორც კონგრესმენი მიიჩნევს, „არასათანადოდ შეაფასა ბელარუსი ხალხის ნება და სვიატლანა ციხანუსკაიას ძალა“. თითქმის სამი ათწლეულის მმართველობის შემდეგ, ბელარუსი ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა, მშვიდობიანი დემონსტრანტები ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უკვე 8 თვეა ითხოვენ.

„ბევრი ჩვენგანისთვის ამერიკაში გასაოცარი ის იყო, რომ ამ ხალხს ლიდერობდა ქალების კოალიცია, რომლებიც სვიატლანა ციხანუსკაიას სოლიდარობას უცხადებდნენ. სამწუხაროდ, მშვიდობიან დემონსტრაციებს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა, რაც მთავრობის უმაღლეს დონეზე იყო სანქცირებული. უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს დემონსტრანტების ცემა, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაკავება და დამოუკიდებელი ჟურნალისტრებისა და ოპოზიციის ლიდერების შევიწროება, დაშინება. ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლებმა სამთავრობო შენობაში გადაიყვანეს სვიატლანა ციხანუსკაია და პირდაპირ დაემუქრნენ მას და მის ოჯახს. ის იძულებული გახდა გაქცეულიყო. მოგვიანებით, მათ მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. დააკავეს ჟურნალისტებიც იმის გამო, რომ ისინი მშვიდობიან დემონსტრაციებს იღებდნენ, და ა.შ“, - ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი.


დემოკრატი კონგრესმენი სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის არაერთი ფორმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი დაკავებული, სულ მცირე რვა დემონსტრანტი კი მოკლულია, ბელარუსი ხალხი 200 დღეზე მეტია, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს. დემოკრატიისკენ მათ ამ სწრაფვას კი სხვა, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა სჭირდება:

„ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ბელარუსი ქალების სიმამაცე, რომლებმაც ძალიან პატრიარქალურ საზოგადოებაში გამოიჩინეს თავდადება და ლიდერობა, იდგნენ საკოორდინაციო საბჭოს ცენტრში და ცდილობდნენ დაემყარებინათ დიალოგი ლუკაშენკოს რეჟიმთან და დაენიშნათ, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ქრის სმითი კი, რომელიც უკვე 21-ედაა არჩეული წარმომადგენელთა პალატის წევრად, ამბობს, რომ სურათი, რომელიც ბელარუსის მდგომარეობას ასახავს, ერთდროულად სევდიანი და უფერულიცაა და იმედის მომცემიც: სამწუხარო, რადგან ლუკაშენკო კვლავ ძალაუფლებაშია, მაგრამ იმედიანი, რადგან ბელარუს ხალხს ჰყავს ციხანუსკაიას მსგავსი ლიდერები თავიანთი ოცნებების დასაცავად.

ქრის სმითი, 2004 წელს მიღებული „ბელარუსის დემოკრატიის აქტის“ ავტორია, რომელიც ლუკაშენკოს მთავრობის წევრებს სხვადასხვა შეზღუდვას უწესებდა. მომდევნო წლებში გაფართოებული აქტი 2020 წელს კონგრესმა კიდევ ერთხელ განაახლა. კონგრესმენი ბელარუსში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დარღვევების ფაქტებზეც საუბრობს:

ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციით უნდა იყოს ფხიზლად და მრავალფეროვანი გზებით უნდა დაუჭიროს მხარი ბელარუსსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის წევრებსაც ლუკაშენკოს რეჟიმი დევნის,
- ბრაიან ფიცპატრიკი

„ეუთოს მონაცემებზე დაყრდნობით, ბელარუსმა ლიდერებმა სულ მცირე 141 პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აღძრეს ქალების წინააღმდეგ. 49 ქალი ახლა ციხეში ან შინაპატიმრობაშია. კიდევ 75 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნეა, ათასობით სხვა ქალმა ქვეყანა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დატოვა... თეთრებში ჩაცმული ბელარუსი ქალების სურათი არის უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო ბელარუსის ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ დაუჯერებლად მამაც ქალებსა და კაცებს“, - დასძენს კონგრესმენი სმითი.

„უსამართლობის ჟამს ბელარუსი ქალების სიმამაცე ჩვენი ქვეყნისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა“, - უთხრა სვიატლანა ციხანუსკაიამ კონგრესმენებს და ონლაინ შეხვედრის სხვა დამსწრეებს. „თეთრებში გამოწყობილი ქალები ცოცხალ ჯაჭვებს აკეთებდნენ მამაკაცი დემონსტრანტების დასაცავად. დაცვის სურვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დაპატიმრების ან წამების შიში, თუმცა ყველას დაცვა მათ არ შეუძლიათ“.

დემოკრატიულ მოძრაობაში ქალთა წვლილზე ყურადღებას ამახვილებს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის წევრი ბრაიან ფიცპატრიკიც.

„ბელარუსის მოქალაქეები თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შესაქმნელად იბრძვიან. მაშინ, როცა ჩვენ „ქალთა საერთაშორისო თვეს“ აღვნიშნავთ, ბელარუსში დემოკრატიულ რევოლუციას გამორჩეულად მამაცი და გამბედავი ქალები ლიდერობენ. სვიატლანა ციხანუსკაიამ და ათასობით ქალმა დაუმტკიცეს თავის ქვეყანას და მთელ დანარჩენ მსოფლიოს, რომ მომავალი შემძლე ხელშია, თავისუფლებისთვის ეს მებრძოლები არაგონივრული მიზნისთვის არ იბრძვიან, მათ სურთ სამართლებრივი პროცესი, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შემვიწროებელი სახელმწიფოსგან თავისუფლება და შესაძლებლობა, რომ საკუთარი მომავალი შექმნან“, - ამბობს ფიცპატრიკი.

კონგრესმენი განმარტავს, რომ ამერიკამ და ევროპელმა მოკავშირეებმა ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად სიფხიზლე არ უნდა მოადუნონ.

დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტები - ეკატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა
დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტები - ეკატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა

„ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციით უნდა იყოს ფხიზლად და მრავალფეროვანი გზებით უნდა დაუჭიროს მხარი ბელარუსსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის წევრებსაც ლუკაშენკოს რეჟიმი დევნის. „ბელარუსის დემოკრატიისა, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის აქტის“ შესაბამისად, რომლის თანაავტორიც ვიყავი, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ლუკაშენკოსგან ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა. ასევე მკაცრი სანქცირება მათი, ვინც ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებშია დამნაშავე. ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გაჩნდეს. ბელარუსი ხალხი ითხოვს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. მათი ხმა იმსახურებს იმას, რომ გაგონილი იყოს“, - ამბობს კონგრესმენი ფიცპატრიკი.

„ჩემი ხალხი ჰუმანიტარულ კრიზისშია, ხალხი იტანჯება და კვდება, ბელარუს ერს ახლა ისე სჭირდებით, როგორც არასდროს აქამდე“, - მიმართა ციხანუსკაიამ კონგრესმენებს და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა:

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვოს ძალადობის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, კანონის უზენაესობის აღდგენა, გულწრფელი დიალოგის დაწყება ბელარუსი ხალხის ლეგიტიმურ წარმომომადგენლებსა და რეჟიმს შორის, ამავე დროს, არა სიტყვები, არამედ - მოქმედებებია მთავარი. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკას, დაუწესოს სანქციები სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ საწარმოებს, იურიდიულ პირებსა და ოლიგარქებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომაა. მოვუწოდებთ ამერიკას, გამოიყენოს დიპლომატია იმისთვის, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია მოხდეს“.

სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

სვიატლანა ციხანუსკაია ამბობს, რომ ის და მისი თანამებრძოლი ქალები იძულებულნი იყვნენ საპროტესტო მოძრაობას სათავეში ჩასდგომოდნენ, ხშირად ოჯახის წევრი მამაკაცების და შვილების მომავლის დასაცავადაც. ბელარუსი ოპოზიის ლიდერი მმართველ რეჟიმთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალი არჩევნები სწორედ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად უნდა წარიმართოს. თუმცა, იმ ვითარებაში, როცა ლუკაშენკო არ რეაგირებს მათ მოწოდებებზე, ამერიკამ და დასავლურმა სახელმწიფოებმა მის რეჟიმზე წნეხი უნდა გააძლიერონ.

ციხანუსკაიამ ფინანსური დახმარების მიმართულებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთის და, მათ შორის ამერიკის, დახმარებაც ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველებს, დამოუკიდებელ მედიასა და ბიზნესებს სჭირდებათ.

კონგრესმენი ბილ კიტინგი მიიჩნევს, რომ ამერიკის კონგრესმა ბელარუსი ხალხის მცდელობას, დაამყაროს კანონის უზენაესობა ქვეყანაში და შექმნას დემოკრატიული მომავალი, მხარი უნდა დაუჭიროს და აღიაროს ის მსხვერპლი, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეები განიცდიან. ქუჩაში გამოსვლისას კი ზუსტად იციან, რომ შევიწროებას, დაშინებას, უკანონო დაკავებას ან „უარესს“ უნდა ელოდონ. მაშინ კი, როდესაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში არალიბერალური ჯგუფები წინაურდებიან, ავტორიტარები კი პანდემიასაც მეტი ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად იყენებენ, ბელარუსშიც და სხვაგანაც, დემოკრატიის დასაცავად ბრძოლა უნდა გაგრძელდეს: „იმ დროს, როდესაც უამრავი გამოწვევაა, დემოკრატიებმა შინ და საზღვრებს მიღმა ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ"

XS
SM
MD
LG