ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბოლო საარჩევნო გასაჩივრებები არ მიიღო


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა ბოლო სამი საქმე, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ასაჩივრებდა. სასამართლომ ამით ჩუმად დაასრულა მისი უნაყოფო მცდელობა, ხელისუფლება სასამართლოების მეშვეობით შეენარჩუნებინა.

სასამართლომ კომენტარის გარეშე უარყო მიეღო ტრამპის სააპელაციო შუამდგომლობა, რომელიც ვისკონსინის შტატში, დაუსწრებლად აღრიცხულ ათასობით საარჩევნო ბიულეტენს შეეხებოდა. ვისკონსინი საარჩევნო ბრძოლის ველი იყო, სადაც პოლიტიკაში წასული რესპუბლიკელი ბიზნესმენი დემოკრატ ჯო ბაიდენთან 20 ათასზე მეტი ხმით დამარცხდა.

ეს, ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, უზენაეს სასამართლოში შეტანილი ბოლო სამი შუამდგომლობა იყო, რომლის განხილვაში მიღებაზეც მოსამართლეებმა უარი თქვეს. 22 თებერვალს, სასამართლომ ტრამპის კიდევ კიდევ ორი აპელაციის მიღება უარყო. ერთი ისევ ვისკონსინის შტატს ეხებოდა და ერთი კი პენსილვანიაში ხმის მიცემის საკითხს. პენსილვანია კიდევ ერთი საკვანძო შტატი იყო, სადაც ტრამპი დამარცხდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, იმ სამ საქმეზე, ტრამპის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოიტანეს.

უკვე ნათელი იყო, რომ უზენაესი სასამართლო, სადაც ტრამპის მიერ დანიშნული სამი მოსამართლეა, არ აპირებდა ჩარეულიყო საქმეებში, რომლებიც მან და მისმა მოკავშირეებმა სასამართლოში 6 იანვრამდე, კონგრესის მიერ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებამდე არ შეიტანეს.

ვისკონსინის საქმის შემთხვევაში, ტრამპმა სარჩელი არჩევნების შედეგების სერტიფიცირებიდან ორი დღის შემდეგ შეიტანა. ის ასაჩივრებდა ვისკონსინის საარჩევნო წესებს, მათ შორის, პანდემიის დროს ხმის დაუსწრებლად მისაცემი ყუთების გამოყენებას. ეს პრეტენზიები ფედერალურმა მოსამართლემაც და ჩიკაგოში ბაზირებულმა მე-7 საოლქო ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომაც უარყვეს და აღნიშნეს, რომ ტრამპმა სარჩელის შეტანა დააგვიანა.

ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებმა არ მიიღეს ტრამპის და მისი მოკავშირეების სარჩელები და ზოგჯერ ეს მკვეთრი ტერმინებით დაახასიათეს. ნოემბერში, პენსილვანიაში შეტანილი სარჩელის მიღებაზე უარის გამოცხადებისას მოსამართლემ თქვა: “ეს პრეტენზია, ფრანკენშტეინის ურჩხულივით სახელდახელოდ არის შეკერილი.”

ორშაბათს, უზენაესმა სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელის მიღება უარყო, რომელიც ტრამპის მოკავშირე ლინ ვუდმა შეიტანა და სასამართლოს 5 იანვარს ჯორჯიის შტატში სენატში არჩევნების მეორე ტურის დაბლოკვას სთხოვდა. სასამართლომ ამ თხოვნის თაობაზე არაფერი მოიმოქმედა და მეორე ტურში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებამ მათ სენატის კონტროლის საშუალება მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG