ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: მოკავშირეებმა ჩინეთის თაობაზე უნდა ითანამშრომლონ


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მსოფლიოს სხვა ლიდერებს ონლაინ ხვდება.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბრის ერთ-ერთი უმთავრესი თემა ჩინეთთან დაკავშირებული შეშფოთებაა, თუმცა ამერიკას "ახალი ცივი ომი" არ სურს.

დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დაახლოებით ერთი თვის წინ დადო, ევროპაში "ვირტუალურ ვიზიტს" იმისთვის გამოიყენებს, რომ ამერიკასა და ევროპელ მოკავშირეებს შორის მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს მისი წინამორბედის პოლიტიკისგან განსხვავებული იქნება, რადგან დონალდ ტრამპის მიდგომა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ქვეყანას პარტნიორებთან განსხვავებულ პოზიციაში აყენებდა.

ბაიდენს მოკავშირეებისთვის "საჩუქრებიც" აქვს: ამერიკა კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევაში 4 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებას უბრუნდება და ამერიკისა და მსოფლიო ეკონომიკების განვითარებაში დამატებით 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება.

ბაიდენი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას. და როგორც მისი გუნდი განმარტავს, ბაიდენი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მოკავშირეებს, რომ "მსოფლიოსთვის წინ მიმავალ გზას დემოკრატიები განსაზღვრავენ და არა ავტოკრატიები".

"მისი გზავნილი იქნება ძლიერეი და თავდაჯერებული, რომ დემოკრატია ჩვენი დროის გამოწვევებთან გასამკლავებლად საუკეთესო მოდელია", -ამბობენ ადმინისტრაციაში. "დემოკრატია შემთხვევით არ ხდება. ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

ბაიდენი უსაფრთხოებასთან, მსოფლიო ეკონომიკასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე საუბრისას, აპირებს მოკავშირეებს ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG