ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა - რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია


პრემიერი გადადგა, - მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

საქართველოს კონსტიტუცია დეტალურად განსაზღვრავს კონსტიტუციური პროცესის თითოულ ეტაპს. კონსტიტუციაში, ასევე დეტალურადაა განსაზღვრული ამ პრიცესში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის როლი. კონსტიტუცია ადგენს ვადებს და განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს იმ შემთხვევაში, თუ პარლამანეტი მთავრობას ნდობას განსაზღვრულ ვადაში არ გამოუცხადებს. მოვლენების ამ გზით განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

რა წერია კონსტიტუციაში?

ორი კვირა - ეს არის ვადა, რასაც კონსტიტუცია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. თუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ამ ვადაში წარდგენილ მთავრობას ნდობას არ გმოუცხადებს, პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუცია, ამ უფლებამოსილების შესასრულებლად ვადებს პრეზიდენტსაც უწესებს.

საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეხუთე. საქართველოს მთავრობა

მუხლი 56. ნდობის გამოცხადება

პუნქტი 1 – „პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.“

პუნქტი 2 – „პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.“

პუნქტი 3 – „თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.“

პუნქტი 4 – „საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.“

პარლამენტის მიერ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტს ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშნოს. თუმცა, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადებში ასე არ მოიქცევა, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ჩაითვლება.

76 დეპუტატი

კონსტიტუციით განსაზღვრული სტანდარტით ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, საქართველოს პარლამენტის მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. ქართული ოცნება პარლამენტში 90 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

საპარლამენტო საქმიანობაში ასევე ჩართულნი არიან, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ 4 და „მოქალაქეების“ 2 დეპუტატი.

ოპოზიციის დიდი ნაწილი, გაერთიანებული ოპოზიცია, გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ისინი საპარალმენტო საქმიანობაში ჩართულნი არ არიან.

ვადამდელი არჩევნები

იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილმა, კონსტიტუციით განსაზღვრული მოთხოვნის მიხედვით, პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. ამ შემთხვევაში, არჩევნები კონსტიტუციის არსებული რედაქციით ჩატარდება, რაც 120/30 სისტემას და 1%-იან ბარიერს ითვალისწინებს.

ღარიბაშვილის „პასუხისმგებლობა და პატივი“

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დაამტკიცებს, ის საქართველოს პრემიერ მინისტრი მეორედ გახდება. „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“ - აცხადებს ღარიბაშვილი.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.


ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში მას შემდეგ, რაც პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

„მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე.“

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად მას შემდეგ შეიკრიბა, რაც გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გახარია იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.

„სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს, ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების “, - განაცხადა გახარიამ.

საკითხი, რაზეც გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდთან კონსესუსს ვერ მიაღწია, ნიკა მელიას საქმეა. ოპოზიციის ლიდერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზებული ვითარების ფონზე, მელიას საქმის მსგავსი განვითარება, ქვეყნის განვითარებისთვის, მისი უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის რისკებს ზრდის.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, როდესაც ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს ვებრძვით და რაც მთავარია ჩვენ ყველანი ერთად პოლარიზაციას ვებრძვით, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ეს არის განცხადება, რაც გახარიამ გადადგომისას გააკეთა.

მელია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

გახარიას ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ საკმარისი არ არის, ამბობს ნიკა მელია. მისი თქმით, გახარიას გადაწყვეტილება ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ ხელისუფლების მიერ „სისხლისღვრა იგგემებოდა.

"გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან, ის, რომ მან, პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. მაგრამ, ეს საქმეს არ უშველის. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას, პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით, რეჟიმის წარმომადგენლებთან, ერთ საკითხთან - ახალ არჩევნებთან დაკავშირებით" - განაცხადა მელიამ, გახარიას მიერ თანადებობის დატოვების შეფასებისას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, - მელიასთვის ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება.

“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა. დამთავრებულია “ქართული ოცნება”- აცხადებს მელია.

ნიკა მელია, ოპოზიციის სხვა ლიდერები და მათი მხარდამჭერები, სასამართლოს გადაყვეტილებას „ერთიანი ნციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების“ აღსრულებას არ დაუშვებდნენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებამ, რომელსაც სასამართლოს განაჩენის აღსრულება დაეკისრა, განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დორებით გადაიდო.“

XS
SM
MD
LG