არ გამოიყენოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოხუცებისთვის - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც საფრანგეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა სამშაბათს გასცა. ამ გზით, ეს სამი ქვეყანა გერმანიასა და იტალიას შეუერთდა, რომლებმაც ანალოგიური რეკომენდაცია გასულ კვირაში გამოსცეს.
ფრანგი და შვედი ჯანდაცვის სფეროს ლიდერები ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის შეიძლება.
შვედი და ფრანგი ჯანდაცვის სპეციალისტები, 65 წელზე მეტი ასაკის ჯგუფში ჩატარებული კლინიკური კვლევის დამატებით მონაცემებს ელოდებიან. შვედი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს მონაცენმები გვიან გაზაფხულზე იქნება.
„ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებული ვაქცინის შესახებ, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის შემაკავებელი რეკომენდაცია პირველი გერმანიამ გასცა. მან ამ ვაქცინის გამოყენებისთვის რეკომენდებულ ასაკად 18-64 წლები დაადგინა. იმავე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, იტალიამ, მაქსიმალურ რეკომენდებულ ასაკად კიდევ უფრო ნაკლები, 55 წელი განსაზღრვა.
ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA), “ასტრაზენეკა"-ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია 29 იანვარს გასცა - შენიშვნით, რომ ვაქცინის კლინიკურ კვლევაში, მხოლოდ 18-დან 55 წლამდე ადამიანები მონწილეობდნენ.
„ჯერჯერობით არ არის 55-წელზე მეტი ასაკის კვლევის მონაწილეთა საკმარისი მონაცემების იმის სათქმელად, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფში“ - ნათქვამია EMA-ს შენიშვნაში. სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ვაქცინამ დაცულობა ამ ასაკობრივ ჯგუფშიც შექმნას.
კლინიკური კვლევის მესამე ფაზის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ცოვიდ-19-ის პრევენციის კუთხით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას პირველი დოზის შემდეგ, 76%-იანი ეფექტიანობა აქვს. მეორე დოზა, რომელიც 12 და მეტი კვირის შემდეგ უნდა გაკეთდეს, ვაქცინის 82%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. წინასწარი მონაცემები ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
Facebook Forum