ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ზომებს განიხილავს. რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართლადამცავებმა ხელკეტები და ელექტროშოკის მოწყობილობები გამოიყენეს. რუსეთის მოქალაქეები ნავალნის დაკავებას აპროტესტებენ. ნავალნი, რომელიც გასულ ზაფხულს ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ცოტა ხნის წინ, რუსეთში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს.
ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ბლინკენი ამბობს, რომ დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლით ძლიერაა შეშფოთებული. მან ჩინეთისა და ირანისგან არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა, თქვა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგს ავიწროვებს, ირანს კი სულ რამდენიმე თვე აშორებს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალების შექმნისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დემონსტრაციების წაქეზებაში ვაშინგტონს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს არის "რუსეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა".
"რუსეთის ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, თუ მას სჯერა, რომ ეს ჩვენ გვეხება", - თქვან NBC News-თან ინტერვიუში ენტონი ბლინკენმა. "ეს მათ შესახებაა, მათი ხელისუფლების შესახებ, ეს ეხება რუსი ხალხის იმედგაცრუებას კორუფციით, ავტოკრატიით და ვფიქრობ, მათ [პრობლემები] შიგნით უნდა ეძებონ, და არა - გარეთ", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ინტერვიუში, რომელიც 31 იანვარს ჩაიწერა, ბლინკენი მოსკოვის მიმართ კონკრეტულ სანქციებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ განიხილება შესაბამისი ზომები ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების დასაგმობად და მათზე საპასუხოდ, ისევე, როგორც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან, ჰაკერულ თავდასხმასთან და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაზე დაწესებულ სავარაუდო ჯილდოსთან დაკავშირებითაც.
ბლინკენმა ჯო ბაიდენისა დ ავლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან ცხადად და ნათლად საუბრობდა ამ თემების შესახებ.
Facebook Forum